ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს მამა კახა ღლონტი აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და პოლიტპატიმარია.
ღლონტის თქმით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა დაიწყო. დ.ღ-ს დაკავებით კი, ღლონტის თქმით, საზოგადოებრივი მუხტისა და სარალიძის რაღაც დროის განმავლობაში გაჩერება უნდოდათ.
„პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს.
საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ ისეთი არაფერი მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.
ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.
ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას,” – განაცხადა კახა ღლონტმა.
დ.ღ. ივლისში დააკავეს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.