LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: “გაქვს დოკუმენტი, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს”

173
ელენე ხოშტარია

“პირდაპირ გვაქვს იმის დოკუმენტი, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს”, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიამ იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელმა ესტონელ კოლეგას გაუგზავნა:

“ჩემს ხელთ არის წერილი, რომელსაც რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი სწერს ესტონელ კოლეგას, მასში წერია – უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკების და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, “რაოს” პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით.

გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა ჩვენი პარტნიორი საქართველოში “გერა”, – ციტირებს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთავრობამ ამ კონკრეტული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობები უნდა გამოიკვლიოს.

“მაქვს ოფიციალური საბუთები “გერას” მიმართ რუსეთის მხრიდან არაერთგზის ფინანსური რესურსების მიღების შესახებ და პრაქტიკულად, ჩვენ პირდაპირ გაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს.

მე ვიცი, რომ “გერაში” გაერთიანებულები არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვიმედოვნებ, რომ მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია მათთვის იქნება საფუძველი იმისა, რომ სისხლის მანქანასთან ურთიერთობა გაწყვიტონ.

აქ არის საუბარი ასევე, საქართველოს კანონმდებლობაზე, რომელიც მსგავსი მაქინაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ამ კონკრეტული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობები უნდა გამოიკვლიოს და უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ ამ მექანიზმის ამუშავება არ მოხდეს, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. სხვაგვარად ჩვენ პირდაპირ მონაწილეები ვიქნებით იმ ბოროტების მანქანის, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეწირებიან”, – თქვა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები