LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი წლის ასაკამდე წითელას აცრა თუ გაკეთებულია, დამატებით აღარ საჭიროებს – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ ვისაც 5 წლის ასაკამდე წითელას საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინა გაკეთებული აქვს, დამატებით აცრას აღარ საჭიროებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევების 20-25%-ში წითელა ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა: სმენის დაქვეითება, ენცეფალიტი, ოტიტი და სხვა, ამიტომ მან მოსახლეობას მოუწოდა, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ.

„ქვეყანაში ეპიდაფეთქება ძირითადად ლოკალიზებულია და ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში ფიქსირდება. ამ რეგიონებში მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ასევე აბსოლუტურ რიცხვში ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებში, თუმცა თუ რაოდენობას მაჩვენებლებში გადავიყვანთ, ყველაზე მეტი შემთხვევა 1 წლამდე ასაკის ბავშვებშია. ჩვენი კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთი წლისა და 5 წლის ასაკში კეთდება. როგორც წესი, წითელას საწინააღმდეგო ანტისხეულები დედიდან შვილს გადაეცემა და ბავშვი დაცულია დაახლოებით 8-9 წლის ასაკამდე, თუ დედას აღნიშნული დაავადება ჰქონდა ან მის საწინააღმდეგოდ არის აცრილი. ის ფაქტორი, რომ 0-დან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას გავრცელების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, მიუთითებს იმაზე, მათი დედები არაიმუნურები არიან. ამიტომ იმ ქალებს, ვინც ოჯახი უნდა შექმნან და შვილები გააჩინონ, დადასტურებით თუ არ იციან, რომ წითელას საწინააღმდეგოდ აცრილები არიან, ყველას ვთხოვთ, რომ პოლიკლინიკებში მივიდნენ და ვაქცინა ჩაიტარონ. ვაქცინის მარაგი ქვეყანაში საკმარისია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ორსულებში არ შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ 1-ელი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g