LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია „ოცნებას“: როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!

97
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „მწვანე პასპორტების“ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვით მიმართა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლებაა.

„შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანებთან – მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა აუკრძალეთ, ხოლო თუკი ექნებოდათ, დაემუქრეთ რომ „გატყიპავდით – როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“, – მიმართა ხვიჩიამ უმრავლესობას.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ ამ როლში ყოფნა მოსწონს. ხვიჩიას თქმით, მას სჯერა, რომ ხალხი ამ მოტივით ხელისუფლებას ერთხელ და სამუდამოდ გადაირჩევს.

„ჩემი გამოსვლა შეეხება ე.წ მწვანე პასპორტებს – მესმის, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარული ხელისუფლება. მგონია, მოგწონთ კიდეც ეს როლი და ხშირად ამბობთ, რომ ხართ მზრუნველი მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ხართ ყველაზე მეტი შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია. მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ხალხი თქვენ ამ მოტივით გადაგირჩევთ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც მოჰბეზრდება ის, რაც ახლა ჩემს მაგიდაზე ხდება, რომ ყველა კანონი ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც „მზრუნველობის მოტივს“ ისე აფასებთ.

მე ვეცდები აგიხსნათ რატომ არის ასეთი „მზრუნველობა“ შეურაცხმყოფელი, როდესაც ის სრულწლოვან ადამიანებზე ვრცელდება. შეურაცხმყოფელია, როდესაც სრულწლოვან ადამიანებს მშობელი 9 საათზე დაგვაძინებს, მერე თუ კარგად მოვიქცევით 2 საათი გაგვიხანგრძლივებს და 11-ზე დაგვაძინებს. შეურაცხმყოფელია, როდესაც დიდი ხარ უკვე და გეუბნებიან, რომ ვიღაცასთან ერთად კაფეში არ იარო, რადგან შენთვის ასე ჯობია. ან როცა გეუბნებიან გაკვეთილიდან, ლექციიდან, პარლამენტის სხდომიდან პირდაპირ სახლში წამოდიო.

გინახავთ ისეთი მშობლები ზედმეტი მზრუნველობით შვილებს მეგობრებთან უფუჭებენ საქმეს, რომლებიც შეიძლება ამით სამუდამოდაც კარგავენ მეგობრებს. შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები რომლებსაც თქვენ აუკრძალეთ სხვა ადამიანებთან – მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა, ხოლო თუკი ექნებოდათ დაემუქრეთ, რომ „გატყიპავდით“. რამდენი ურთიერთობა დაანგრიეთ ასე თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ერთგული მომხმარებელი გააგდებინეთ კაფე-ბარების მფლობელებს საკუთარი დაწესებულებებიდან?!

მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია. მგონია ჩემთანაც უნდა შეგრცხვეთ, როგორც ადამიანთან, რომელიც კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში ვერ დადის, რატომ არ მიშვებთ, რა დაგიშავეთ? და ზოგადად, როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები