„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დასაფიქრებელია – არის თუ არა საჭირო სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
ამის შესახებ ხვიჩიამ სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციების დროს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძე სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა:
„უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო, ამ იდეას არსებობის უფლება აქვს.
მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება სწორი ინიციატივა იყოს. თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, პროცესში ხომ არ ჩაერთოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა, ამას ავთანდილ ენუქიძემ მხარი დაუჭირა, რაც შეხვედრაზე ყველაზე საინტერესო იყო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ დემოკრატია არ დუღს, სულ გვქონდა და არასდროს დუღდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტი შეთანხმებულია.
მისივე თქმით, ბრძანების ტექსტი მხოლოდ პროცედურული დოკუმენტია, მასში გაწერილია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევი კანდიდატებისთვის ფორმალურ მოთხოვნები, რათა განაცხადები შეიტანონ:
„შეფასების კომისია, რომელიც სამომავლოდ შეიქმნება, კანდიდატებს შეაფასებს. შეფასება კანდიდატების რაიმე ფორმით დაბლოკვას არ გულისხმობს. ყველა კანდიდატი, რომელიც ფორმალურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პარლამენტში მოხვდება და მათ შესახებ პარლამენტი იმსჯელებს“, – თქვა ლევან იოსელიანმა.