პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთში აღმოჩენილ ახალ შტამზე ისაუბრა.
ბულეიშვილის განცხადებით, ეს შტამი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, მას „განსაკუთრებული თვისებები“ ჰქონდეს.
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი B.1.640.2. აღმოაჩინეს – მას 46 მუტაცია აქვს
„ეს შტამი საფრანგეთში აღმოჩნდა და სერიოზული კვლევაა დაწყებული. დაინფიცირების მატებაც ფიქსირდება. მწირი ინფორმაცია, რაც გვაქვს, ისაა, რომ იგი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ახალი შტამის შემდგომი თვისებები ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება, ასევე, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რა სახის დაზიანებას გამოიწვევს ორგანიზმში, რა სახის სიმპტომებით იქნება”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, „იანვარში შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი დომინანტი გახდეს“.
„წინა კვირაში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, მაგრამ ბოლო დღეებია ისევ შეინიშნება სერიოზული მატება. ცხადია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მობილობასთან. ნაკლებად ხდება ნიღბის ტარება. გასაგებია, რომ მოსახლეობა დაიღალა და ამასთან, სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რეკომენდაციები დავიცვათ.
ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომ სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ. შესაძლოა, რომ შემდეგ კვირას უფრო არასახარბიელო მაჩვენებელი გვქონდეს“,- განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.