აღდგომა ახლოვდება, შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრად იზრდება მოთხოვნა ტრადიციულ სადღესასწაულო პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი პასკაზე. პასკის მწარმოებელთა შორის წლიდან წლამდე მზარდი კონკურენცია, პროდუქციის მრავალფეროვნება და ხარისხზე ორიენტირებული მოთხოვნა ბაზარს უფრო დინამიკურს ხდის, ამასთან, წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ტრადიციის დაცვა, არამედ ინოვაციური მიდგომებიც – შეფუთვიდან დაწყებული, ფასის განსაზღვრით დამთავრებული.
იქიდან გამომდინარე, რომ პასკა ე.წ. სეზონური ბიზნესის პროდუქტად ჩამოყალიბდა, ქართულ ბაზარზე რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა:
პანეტონე VS კლასიკური პასკა – ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ ერთგვარ ტკბილ პურზე. ბიზნესისთვის ეს მომგებიანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პანეტონეს თვითღირებულება მაღალია, რის გამოც მისი გასაყიდი ფასი ხშირად 3-4-ჯერ აღემატება სტანდარტულ პასკას, მომხმარებელი მაინც მზადაა მეტი გადაიხადოს „ეგზოტიკურ“ პროდუქტში.
ალტერნატიული ხაზი – წელს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნიშურ პროდუქტებზე. საცხობებმა დაინახეს, რომ მომხმარებლების ნაწილი ტრადიციულ პასკაზე უარს ამბობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები გამო, შესაბამისად, ბიზნესურად მომგებიანი გახდა უშაქრო, უგლუტენო და ვეგანური პასკები.
თანამშრომლობა და შეფუთვა – თანამედროვე ქართულ ბაზარზე პასკა „სასაჩუქრე პროდუქტად“ ტრანსფორმირდა. გარდა იმისა, რომ პასკის ყუთები ცნობილ მხატვრებთან ან დიზაინერებთან თანამშრომლობით შემუშავდა, რაც პროდუქტს კოლექციურ ღირებულებას სძენს, ბევრმა კომპანიამ წელს, ტკბილეულის ნაკრებების ნაცვლად, თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის პერსონალიზებული, ბრენდირებული პრემიუმ პასკები შეუკვეთა.
წინასწარი შეკვეთები – წელს ბევრმა ქსელურმა მარკეტმა და საცხობმა წინასწარი შეკვეთის სისტემა დანერგა. ეს ბიზნესს ეხმარება, ზუსტად დაგეგმოს ნედლეულის შესყიდვა, თავიდან აიცილოს პროდუქციის ნაშთების დაგროვება დღესასწაულის შემდეგ.
რაც შეეხება პასკის გემოებს, რომლებსაც ქართველი მომხმარებლები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ:
ფსტა და ვიზუალური გაყიდვები – ბოლო ორი წელია, ფსტა ბიზნესისთვის ნამდვილი „ოქროს საბადოა“. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის ძვირი ნედლეულია, რაც პროდუქტს ავტომატურად პრემიუმ სეგმენტში ათავსებს და მეორე – „ინსტაგრამ ეფექტის“ მატარებელია: გაჭრილი პასკა, საიდანაც მწვანე კრემი გადმოდის, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. ფაქტობრივად, ეს უფასო მარკეტინგია პასკის მცხობელებისთვის.
შოკოლადი – თუ ფსტა ექსპერიმენტია, შოკოლადი (განსაკუთრებით ბელგიური ან ნამდვილი კაკაოს კარაქზე დამზადებული) არის ის, რაზეც მომხმარებელი ყოველთვის თანხმდება. ბიზნესები ხშირად იყენებენ ე.წ. „ორმაგი შოკოლადის“ მოდელს – შოკოლადი როგორც ცომში, ისე შიგთავსში, პასკას დესერტად აქცევს.
ტრადიციული გემო, როგორც „ბრენდი“ – მიუხედავად სიახლეებისა, ყველაზე სტაბილური გაყიდვები მაინც ბებიის რეცეპტით გამომცხვარ პასკებს აქვს. აქ ბიზნესი აქცენტს აკეთებს ნოსტალგიაზე (ნამდვილი კარაქი, სოფლის კვერცხი, ხელით მოზელილი) და არომატებზე.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს მომხმარებლების 60%-ი მაინც ტრადიციულ, ნოტიო და მძიმე პასკას მიანიჭებს უპირატესობას, 40%-ი კი ექსპერიმენტულ პროდუქტებს აირჩევს.
