LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

382
BeFunky-collage - 2026-08-10T223815.065

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს ქუჩაში თავს დაესხნენ. კობა ფარტენაძე წერს, რომ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას ჰქონდა ადგილი.

„ზაფხული ჩემთვის ყოველთვის ბედნიერების სეზონი იყო. სეზონი, რომელსაც ადამიანებთან, სიცოცხლესთან, თავისუფლებასთან და კარგ ამბებთან ვაკავშირებდი. მაგრამ დღეს ეს „ბედნიერების სეზონი“ ჩემთვის სულ უფრო ხშირად პოლიციის განყოფილებებში თენდება.

ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. ზოგიერთის დამადასტურებელი კადრი მაქვს, ზოგიერთის არა, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დამემტკიცებინა.

რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?
მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს: გთხოვთ, დროულად შეისწავლოთ და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში ჩემზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტს.

მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქუჩაში ადამიანის ცემა, მუქარა, შეურაცხყოფა და ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოძალადეს უფრო ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე ძალადობის მსხვერპლს.
ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე“, – წერს კობა ფარტენაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები