პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა ის ვიწრო წრე, რომელიც ჰყავს შემოკრებილი და მათ იქეთ ვერავის ხედავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა განუცხადა.
შალელაშვილის განმარტებით, ის რაც ხდება, არის არა სახელისუფლებო, არამედ მცირე საპარლამენტო კრიზისი, რომლის მოგვარებაც ირაკლი კობახიძის ხელშია.
„პარლამენტის წევრები თავმოყვარე ადამიანები არიან და დასაქმებული უნდა იყვნენ. პარლამენტში არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. ვიცით, როგორი ერუდირებული, განათლებული და გაწონასწორებულია პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები აქვს შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, ის ამ რჩევას მიიღებს“, – განაცხადა შალელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატთა უმრავლესობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. მან ამის ერთ-ერთ მაგალითად პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა დაასახელა. შალელაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში ათი მუდმივი დელეგაციაა, რომელიც სულ 10-15 დეპუტატით არის წარმოდგენილი.