LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა  აღდგა

60
კოჯორი გზა

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო  და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ერთი ნახევარი მთლიანად ჩამონგრეული იყო და ავტომობილებისთვის ორმხრივად გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ივლისში კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ფერდის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფერდი მთლიანად გამაგრდა. საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება ორმხრივადაა შესაძლებელი. ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ კონკრეტულ გზას პრობლემები არ შეექმნას და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველად განხორციელდა 24-მეტრიანი ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა, რომელიც კლდეში 12 ვერტიკალურ მიკროხიმინჯზე დაფუძნებული რკინაბეტონის კედლით და 30 ფოლადბაგირიანი ანკერით, ჩამოშლილი ფერდის სიმყარეს იჭერს. მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536 029 ლარით დაფინანსდა.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g