„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, დაკავებულ მზია ამაღლობელს, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 33-ე დღეა შიმშილობს, კოლეგები წერილს უგზავნიან.
ერთობლივ მიმართვას ხელს აწერს მზია ამაღლობელის 150-მდე კოლეგა. წერილს მზია ამაღლობელს „ვივა მედში” დღეს შეუტანენ.
„ძვირფასო მზია, ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც „ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!
მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო!
ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება!
გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!“, – აღნიშნულია მზია ამაღლობელისთვის განკუთვნილ წერილში.
ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.