LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომაროველი ქეთა ციმაკურიძე ევროპის ჩემპიონია ინფორმატიკაში!” – ალექსანდრე ჯეჯელავა

883
BeFunky-collage (100)

კომაროველი ქეთა ციმაკურიძე ევროპის ჩემპიონია ინფორმატიკაში! ვენაცვალე მაგის გამზრდელს და მასწავლებელს!, – აღნიშნულის შესახებ, განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

ხსენებულ წარმატებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პროფესორი გოჩა მანდარია წერს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ქართული ინტელექტის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.

“არის! ქართული ინტელექტის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება! უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონობა! ამჯერად გოგონათა შორის. ქეთა ციმაკურიძე ევროპის ჩემპიონია!

ევროპის ჰქვია, თორემ რეალურად მსოფლიო ჩემპიონატია (45-მდე ქვეყნის გუნდი მონაწილეობს), რადგან ევროპის ქვეყნების გარდა მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, მექსიკის, პერუს, ინდოეთის, იაპონიის, სინგაპურის და ა.შ. გუნდები, რომელთაც ტრადიციულად უძლიერესი მოსწავლეები ჰყავთ და შეუდარებლად დიდი რესურსი აქვთ (მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც, ცხადია) ჩვენთან შედარებით.

ბრინჯაოს მედალს მიიღებს ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი თეო კაკაბაძე, რომელმაც პირველი ტურის შედარებით წარუმატებლად წერის შემდეგ დღეს სასწაული მოახდინა და პირველი დღის ბევრ ლიდერს აჯობა დღევანდელი შედეგით. ასევე ძალიან კარგად იმუშავეს, ღირსეულად იბრძოლეს და სულ ცოტა დააკლდათ მედლებამდე ჩვენი გუნდის ორ შედარებით პატარა წევრს ნინო ჩხაიძეს და გვანცა ხვედელიძეს.

თუმცა, მათ ჯერ ყველაფერი წინა აქვთ, შესანიშნავი გამოცდილებაც მიიღეს და დარწმუნებული ვარ მომავალში აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებებს. სხვათა შორის, ამ გუნდის არცერთ წევრს წელს სკოლა არ დაუმთავრებია და გაისადაც ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადებში მონაწილეობისა (ნინოს და გვანცას კიდევ უფრო მეტჯერ ).

ვულოცავ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავ ყველას, სკოლებს, მზიურს, პედაგოგებს, მშობლებს და ასევე განსაკუთრებით ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, რომლებიც აქ იმყოფებიან ჩემთან ერთად, ზაზა გამეზარდაშვილს და ნინო ცანდიშვილს, განსაკუთრებით ვულოცავ ქეთას, ამ საოცრად ნიჭიერ და რაც მთავარია მიზანდასახულ გოგონას (იგი წლევანდელი მსოფლიო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანიცაა), თეოს მის პირველ დიდ გამარჯვებას, მადლობა ნინოს და გვანცას თავდაუზოგავი და ღირსეული ბრძოლისათვის, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარია.

შორიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს და აქ სულ სხვა ემოციებია, უძილო ღამეები, მძიმე შრომა, საოცარი განცდები და ნერვიულობა ტურების მიმდინარეობს დროს, შეჯიბრის მსვლელობის დაძაბული დინამიკა, ყოველ წამს სიტუაციის ცვლილება, უკან დახევა, ისევ წინ წასვლა, კვლავ პაუზა, კვლავ ნახტომი და ასე გრძელდება 5-5 საათი ორი დღის განმავლობაში ბოლო წამამდე, რადგან ყოველ წამს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. საოცარი ემოციაა და საოცარი განცდა, განსაკუთრებით როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. ბოლოს არის სიხარულიც და ცრემლებიც, მომავალი გამარჯვებებისთვის დამუხტვა და მერე ყველაფერი თავიდან იწყება, უმძაფრესი კონკურენცია, ურთულესი ამოცანები და კვლავ: ყოჩაღ ბავშვებო. რაოდენ საამაყოა ეს ყველაფერი, რაოდენ გიხარია, როცა ყველა მოკრძალებით გილოცავს (ადგილზეც და შორიდანაც, ჩვენი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან) და გრძნობ, რა პატივისცემით გიცქერიან.

განათლებული ხალხი აფასებს განათლებას, აქ ყველამ კარგად იცის ამ გამარჯვების ფასი! სწორედ ამ წუთებისათვის და ამ განცდისათვის ვართ მზად წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვიშრომოთ. ეს ხომ მარტო ჩვენი დაფაისება არაა, ეს ჩვენი ქვეყნის და მისი ინტელექტუალური პოტენციალის აღიარება და დაფასებაა!

მოკლედ, ემოციამ მძლია და ბევრი დავწერე, თუმცა, ოფიციალურად შედეგები მხოლოდ ხვალ ღამით გახდება ცნობილი და ზეგ დილით, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება, მაგრამ არა მგონია რაიმე შეიცვალოს და ვიცი რა, როგორ მოუთმენლად ელოდება ბევრი შედეგს, მაინც მივეცი თავს უფლება, ეს ინფორმაცია დამეწერა. თანაც იფორმატიკაში სხვა საგნებისგან განსხვავებით, თითქმის არ არის აპელაციები და, შესაბამისად, არ არის მომდევნო სერიოზული ცვლილებები შედეგებში.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას! ხვალ ისევ ექსკურსია გველოდება და ზეგ უკვე დაჯილდოება იქნება”,- ნათქვამია ტექსტში.

magti 5g