კომენდანტის საათის არსებობა რესტორნებისთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბიზნესის შეფასებით, ეს ამცირებს მნიშვნელოვნად სამუშაო საათებს. გარდა ამისა, შაბათ-კვირას რესტორნებს კვლავ არ აქვთ მუშაობის უფლება.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რესტორნების მუშაობა, ანუ სრულყოფილად გახსნა (შაბათ-კვირას ფუნქციონირება, ცოცხალი მუსიკა, კომენდანტის საათის გადაწევა) ეპიდემიოლოგების მხრიდან დაგეგმილი იყო მაისის ბოლოს.
„შესაბამისად, ასე რომ შევხედოთ, ახლა რომ გავიხსენით, ნიშნავს რომ რაღაცას მივაღწიეთ და წინ ვართ. 2 კვირის განმავლობაში მოხდება დაკვირვება, რა ვითარებას მოგვცემს გახსნილი რესტორანი კვირაში 5 სამუშაო დღით მუშაობის პირობებში. თუ კოვიდ სიტუაცია არ გაუარესდა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიიღება ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის საშუალების და კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი. ასევე მიიღება აპრილის დასაწყისში მუსიკის დაშვების შესაძლებლობაც,“-განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, 8 მარტიდან რესტორნებმა შიდა სივრცეებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლეს ფუნქციონირება.