დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.
ეროვნული ბანკის განმარტებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის შემცირება საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.