2023 წელს Black Sea Arena-სთან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, Live Nation საქართველოს ბაზარზე შემოდის.
Black Sea Arena-ს ინფორმაციით, გასართობი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა ქვეყანას თანამედროვე სტანდარტების მქონე ღონისძიებების ორგანიზებისა და საქართველოსთვის ისეთი არტისტების ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს, რომელთა სტუმრობაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
Live Nation მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის მაგნატია, რომელიც 40 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველო კი რიგით 41-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, ამასთან, საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების მასპინძელი იქნება.
Live Nation-ის ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 45 000-მდე კონცერტი და 100-ზე მეტი ფესტივალი იმართება. Live Nation წლობით ყიდულობს არტისტების უფლებებს, რათა მათი მსოფლიო ტურები და კონცერტები დააორგანიზოს. ეს არტისტები არიან: Madonna, Jay-Z, Coldplay, The Weeknd და სხვები. Live Nation თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Netflix, UFC. მის მფლობელობაშია ბილეთების გაყიდვის მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმა Ticketmaster, რომელიც წამში შვიდ ბილეთს ყიდის.