LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპენსაცია “გავრილოვის ღამეს” დაზარალებულებისთვის – დაშავებული დემონსტრანტები განცხადებას ავრცელებენ

62
20 ivnisi 33

2019 წლის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციური ფრაქციების “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა” და “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს.

საქმე ეხება “გავრილოვის ღამეს” დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მექანიზმებს.

განცხადებას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება.

როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი ვალდებულად ვთვლით ჩვენი და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების აღმსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება.

ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების.

სწორედ ზემოთხსენებული მიზეზების გამო იყო მიუღებელი ჩვენთვის მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხებოდა და რომელზედაც ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს. თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა.

აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორ წლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

გიორგი სულაშვილი

დავით ქურდოვანიძე

მაკო გომური

ლუკა პეტრიაშვილი

დემეტრე ნაყოფია

გიორგი ბულისკერია

კობა ლეთოდიანი

ირაკლი ხვადაგიანი

ირაკლი ფავლენიშვილი

დავით ხვადაგიანი

ზაზა მღებრიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g