საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მობიტელს“ (ბილაინი) აქტივების შესახებ დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია მოსთხოვა.
კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვა 9 მარტისთვის გადადო, მანამდე დოკუმენტაციის წარმოსადგენად “მობიტელს” დრო მისცა.
საკითხის მორიგ განხილვას კომისია 10 მარტს გეგმავს.
„კავკასუს ონლაინი“ საცალო მომსახურების ბიზნესის დატოვებას და ბაზრის ამ სეგმენტის რუსულ კომპანია „მობიტელისთვის“ გადასცემას აპირებს.ამის მიზეზად კომპანიამ ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომელიც ლარის გაუფასურების შედეგად წარმოეშვა.
როგორც კომპანიების მიერ კომისიაში შეტანილ განცხადებაშია აღნიშნული, შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.