LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონა კი არა, შიმშილი მოგვკლავს: პროდუქტები უმოწყალოდ ძვირდება, მაღაზიები ფასებს თვითნებურად უმატებენ

283
1 მაღაზია უბანი

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით პირველადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტზე ფასები უნდა დარეგულირებულიყო. თუმცა ამ მიმართულებით რთული სათქმელია მიმდინარეობს თუ არა კონტროლი როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სავაჭრო ობიექტებზე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, შეჩერებულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც პირადი ავტომობილი არ ჰყავს, დამოკიდებულია ე.წ. უბნის მაღაზიებზე. ეს უკანასკნელი კი თითქმის ყოველდღიურად ფასებს.

“ზოგი ჭირი მარგებელია” აღმოჩნდა რამდენიმე უბნის მაღაზიისთვის, რომლებმაც მომხმარებლების ხარჯზე “გამდიდრება” გადაწყვიტეს. ბოლო 2 დღის განმავლობაში ხილ-ბოსტნეულის ფასი თითქმის გაორმაგდა, ხოლო სხვა პირველადი მოხმარების საქონლის ფასი 30-დან 50-თეთრამდე გაიზარდა.

“ფორტუნა” ერთ-ერთი ასეთი მაღაზიის მფლობელს, ბატონ გრიგორს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი აღნიშნულ საკითხზე არ ისურვა, მხოლოდ გვითხრა, რომ თავადაც საქონლის ყიდვა ძვირად უწევს. რაც შეეხება მისივე მაღაზიის მოლარე-ოპერატორ ქალბატონს, გოგონა აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიაში მფლობელს მხოლოდ ხილ-ბოსტნეული მოჰქონდა, დანარჩენი საქონელი დიდი ხნის შემოტანილია, რომელზე ფასები დირექტორმა მოუმატა.

“მოიტანა მხოლოდ ხილ-ბოსტნეული და ფასებიც თავად დააწერა. სხვა პროდუქტი რაც მაღაზიაშია, ეს დიდი ხნის, დაახლოებით 20 დღის წინანდელი შემოტანილია. მოიმარაგა, მერე გაძვირდებაო. ბოლოს რამდენიმე დღის წინ იყო მოსული და ფასები ყველაფერზე თვითონ დააწერა და ნაშთი გაზარდა. მე რა შუაში ვარ, გამყიდველი ვარ და რა ფასად დამაწერს, იმ ფასად უნდა გავყიდო. თამბაქო დისტრიბუციამ შემოიტანა, 20 თეთრით გაძვირდაო, ჩვენ მხოლოდ 10 თეთრი მოვუმატეთ” – აცხადებს მოლარე გოგონა.

ზუგდიდის ბაზარი დაიკეტა: სად უნდა იყიდოს ხალხმა პროდუქტი და რა უნდა ქნან მოვაჭრეებმა

იგივე მდგომარეობა და ზოგ შემთხვევაში უფრო უარესი ხდება რეგიონებში. მას შემდეგ, რაც ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა, მოსახლეობა პროდუქტს მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ყიდულობს, სადაც პროდუქტის და განსაკუთრებით ბოსტნეულის ფასი გაორმაგებული ან გასამმაგებულია.

“გუშინ დაიკეტა ბაზარი და დღეს მაღაზიებმა ფასებს უკვე მოუმატეს. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვიყიდოთ, მაგრამ ამას თბილისი კი არა ადგილობრივი მერია უნდა აკონტროლებდეს. გაჭირვებული ხალხის ხარჯზე უნდათ გამდიდრება. კარტოფილი 1,5 ლარი ღირდა ბაზარში, მაღაზიაში 3 ლარი ღირს. კიდევ მოიმატებსო. კორონა კი არა, შიმშილი მოგვკლავს ჩვენ” – დარეჯან გობეჩია ზუგდიდიდან.

 

P.S. კვების პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე ფასების საგრძნობი მატებაა ქვეყნის ყველაზე მსხვილ სუპერმარკეტებშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები