კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი ხელის მოსმით შეცვალა ადამიანების ჩვეული ყოველდღიურობა. იმ დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, აქვთ უდიდესი გამოწვევა – მუშაობის პარალელურად მათ უნდა მოუარონ შვილებსაც, რადგან საბავშვო ბაღები და სკოლები თითქმის ყველა იმ ქვეყანაში დახურულია, სადაც პანდემია მძვინვარებს.
რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა იმისათვის, რომ დააბალანსონ სამუშაო და ბავშვებისათვის დასათმობი დრო და შეძლონ როგორც მუშაობა, ასევე შვილებზე ზრუნვა? ინტერნეტში უკვე გამოჩნდა რჩევები ამასთან დაკავშირებით:
1. ჩამოწერეთ დღის განრიგი:
ამ გეგმამ ნამდვილად გაამართლა რჩევების ერთ-ერთი ავტორის შემთხვევაში, რომელიც სამი შვილის დედაა. პატრისის თქმით, მკაცრად გაწერილი გრაფიკი მას ძალიან დაეხმარა დროის განაწილებაში.დილით ბავშვები ჩვეულებრივ იღვიძებენ და საუზმობენ. ამას მოსდევს უფროსისათვის (12 წლის) მეცადინეობის, ხოლო უმცროსებისათვის (2 წლის და 1 წლის) თამაშის პერიოდი. შემდეგ უმცროსი ბავშვები იძინებენ, უფროსი კი ისვენებს. საქმეების ძირითად ნაწილს პატრისი სწორედ ამ დროის განმავლობაში აკეთებს. გაღვიძების შემდეგ ბავშვები სადილობენ და სათამაშოდ ეზოში გადიან (პატრისის ოჯახი კერძო სახლში ცხოვრობს) ან მულტფილმებს უყურებენ, რასაც მოჰყვება ვახშამი და შემდეგ ძილი.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის ფორს-მაჟორული სიტუაციაა ვთვლი, რომ ჯერჯერობით კარგად ვუმკლავდები ამ გამოწვევას. ვახერხებ შვილების მოვლასაც და სახლიდან მუშაობასაც. რასაკვირველია ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, მაგრამ ვიმედოვნებ, ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით.” – აცხადებს ის.
2. მუდმივად იყავით კონტაქტზე თამაშრომლებთან
ყველაზე მთავარი ასეთ დროს მუდმივი კომუნიკაციაა. ყველას კარგად ესმის, რომ არსებული სიტუაცია უჩვეულოა და მას თავისი მიზეზები აქვს.იმისთვის, რათა სახლიდან მუშაობა შეძლოთ, მნიშვნელოვანია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება. არავის გაუკვირდება, თუ თქვენ ტელეფონზე საქმიანი საუბრისას შვილს შენიშვნას მისცემთ ან ბოდიშს მოიხდით და ზარს შეწყვეტთ. მთავარია კოლეგები და თქვენი ხელმძღვანელი მუდმივად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ სამუშაო პროცესში. იმისათვის, რომ დისტანციური მუშაობა ეფექტური იყოს, ხელმძღვანელს მუდმივად უნდა ჰქონდეს საშუალება, დაგიკავშირდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენი მენეჯერი დროგამოშვებით ონლაინ-თათბირებსაც ჩაატარებს, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით და იმისათვის, რომ უნდის წევრები საქმის კურსში იყვნენ საქმის იმ ნაწილის შესახებ, რომელსაც თქვენ ასრულებთ.
3. დააწესეთ საზღვრები თქვენი შვილებისათვის
თანამშრომლებთან კონტაქტის გარდა, მნიშვნელოვანია სწორი კონტაქტი შვილებთან. განსაკუთრებით ეფექტური იქნება ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილები სკოლის ასაკის არიან. აუხსენით მათ, რომ რაღაც კონკრეტულ დროს თქვენი შეწუხება არ შეიძლება. დაუშვით მათთვის გამონაკლისი და მიეცით საშუალება, უფრო დიდი ხნით ითამაშონ ვიდეოთამაშები ან უყუროს ტელევიზორს, ოღონდ გააფრთხილეთ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა და მუდამ ასე არ იქნება.
4. აუცილებლად გამოიყენეთ შესვენებები
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად მუშაობის დროს ადამიანები თავს არ ზოგავენ, რათა საკუთარ გუნდს აჩვენონ, რომ მართლა მუშაობენ, შესვენება მაინც აუცილებელია. აუცილებლად გამონახეთ დრო შესვენებისათვის. ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ საჭიროა დასვენება 10 წუთით მაინც. დაისხით ყავა, ჩართეთ საყვარელი მუსიკა ან მიიღეთ ცხელი შხაპი – არა აქვს მნიშვნელობა როგორ გაატარებთ ამ დროს, მთავარია გააკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ. გამოიყენეთ დიდი შესვენებაც და მიირთვით ლანჩი თქვენს შვილებთან ერთად.
5. შეუთანხმდით თქვენს მეუღლეს / პარტნიორს
თუ ორივე თქვენგანი სახლიდან მუშაობს, შეგიძლიათ გადაინაწილოთ ვალდებულებები ბავშვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დრო, რომელსაც მათთან ერთად გაატარებთ.შვილებზე მორიგეობით ზრუნვა საშუალებას მოგცემთ რამდნეიმე საათით განუწყვეტლივ იმუშაოთ, ბუნებრივია თუ არ ჩავთვლით იმ 10 წუთიან ინტერვალებს, რომლებსაც დასასვენებლად გამოიყენებთ.
თუ თქვენი მეუღლე დისტანციურად არ უშაობს და სახლიდან გასვლა უწევს, საუკეთესო ვარიანტად კვლავ ბავშვებისათვის დღის რეჟიმის შედგენა რჩება.