თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო ახალი მედიკამენტი, სავარაუდოდ, ჩვენთან შემოვა და როგორც ვიცით, გარკვეულწილად საიმედოა.
მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის სამკურნალო ახალ პრეპარატზე საუბარი იყო ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან შეხვედრაზე.
მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მედიკამენტი საიმედოა კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში.
„ჯერჯერობით ჩვენ პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია, მაგრამ ვესწრებოდი შეხვედრას და ვიცი, რომ თუკი ეს მართლა ისეთი იქნება, როგორსაც გვეუბნებიან, ალბათ შედეგი გვექნება. ამ კვლევაში ჩართვასაც და მედიკამენტის დანიშვნასაც თავისი დრო და ეტაპი აქვს.
ეს იმ დროს უნდა მოხდეს, როდესაც თავის როლს შეასრულებს. სავარაუდოდ ჩვენთან შემოვა და გარკვეული იმედები მოგვცეს, რაც ვიცით ამის შესახებ, გარკვეულწილად საიმედოა. თუმცა, ჩვენ ბევრი რამ ვცადეთ. მთავარია, პაციენტისთვის მავნე არ იყოს. როგორც ვიცით, არის შესასუნთქი, ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტი და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში გამოიყენება. ჩვეულებრივ, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან ეს მედიკამენტი არ გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება პირველივე ეტაპზე, როდესაც დესატურირება დაიწყება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა. ასევე, არ გამოიყენება, როცა უკვე ინტუბირებულია პაციენტი, რადგან იქ უკვე დაგვიანებულია ამ მედიკამენტის გამოყენება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ასევე ეფექტიანად გამოიყენეს ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“.
„რაც შეეხება „რემდესივირს“, ჩვენმა კლინიკამ პრაქტიკაში ძალიან კარგად გამოვიყენეთ, მაგრამ გააჩნია როდის. „რემდესივირის“ დანიშნულებას თავისი პროტოკოლი აქვს, რა შემთხვევაში და რა ეტაპზე შეიძლება, დაინიშნოს.
დაგვიანებულ შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს გახლავთ ანტივირუსული მედიკამენტი. რა თქმა უნდა, ისეთი ეფექტიანი არ არის, რომ ვირუსს მთლიანად კლავს, მაგრამ გამრავლებას აჩერებს. ყველა მომენტში, ყველა პაციენტს არ სჭირდება და ვისაც სჭირდება, ესაა გაწერილი იმ ეტაპზე, როცა სჭირდება. ამჯერად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირზე“ უკეთესი შედეგი არ გვაქვს, არ შემოსულა. რა თქმა უნდა, იმედები არის, მაგრამ რომ გითხრათ, უშუალოდ ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი ამაზე უკეთესი რაიმე არის – არა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტების მართვა სიმძიმის მიხედვით ხდება.
„როდესაც ჟანგბადდამოკიდებულია პაციენტი, მკურნალობაში ჩვენ ხშირად გვჭირდება ჰორმონი, ამას დექსამეტაზონის სახით ვაძლევთ, არის კიდევ პულსთერაპიის სახით, არის სხვა მედიკამენტები უფრო რთული შემთხვევებისთვის. ანტიბაქტერიული თერაპია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერიული ინფექციის გართულება მოხდა, ისე ჩვენ ანტიბაქტერიულ მკურნალობას არ ვნიშნავთ.
ამისთვის კლინიკური დაკვირვების საფუძველზე ლაბორატორიულ კვლევას ვატარებთ, თუ არის ბაქტერიული ინფექცია. ზოგჯერ სეფსისი ვითარდება, ბაქტერიული პნევმონიით რთულდება, ამის პროტოკოლიც არსებობს, როდის რა უნდა დაინიშნოს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.