თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი: ორსული, 80 წლის ქალბატონი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
“80 წლის ქალბატონი ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან.
რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.
რაც შეეხება ორსული ქალის მდგომარეობას, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს”,-განაცხადა ლევან რატიანმა.