ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან ერთი ბათუმში მკურნალობდა, ხოლო მეორე ქუთაისიდან გადაიყვანეს ბათუმში.
„გარდაიცვალა ორი პაციენტი. აქედან, ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულად მძიმე, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
მეორე გარდაცვლილ პაციენტსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ინფექციური მარინა ენდელაძემ.
მისი შეფასებით, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
„მართალია მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატულად მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ვიცი, გახსნილია 35 სტაციონარი, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება. ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913-ს შეადგენს, საიდანაც 1574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა.