LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ევროპაში გაზაფხულისთვის შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს: ჯანმო

73
1

“ევროპის 53 ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 1,5 მილიონს გადააჭარბა, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში კი გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს.” – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში აღნიშნულ პროგნოზს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ.

სტატისტიკური მონაცემები კი აჩვენებს, რომ გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი 3 მილიონზე მეტი შემთხვევიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.

ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის კოვიდ-19-ით შეიძლება, კიდევ 700 000 ადამიანი გარდაიცვალოს.

საგანგაშო სტატისტიკის შესაცვლელად კი ჯანმო მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“გამაძლიერებელი დოზა” პრიორიტეტი უნდა იყოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის – მათ შორის, სუსტი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე 60 წელს ზემოთ მყოფი პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

დღეს, კოვიდ-19-ის მდგომარეობა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედის გარეშე არ უნდა ვიყოთ, რადგან თითოეულ ჩვენგანს – მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდებს – შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის.” – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ.

WHO-ს ექსპერტები კოვიდშემთხვევების საგანგაშო ზრდას სამი ფაქტორით ხსნიან – ესენია ძლიერ გადამდები “დელტა” შტამი, შემაკავებელი ზომების შემსუბუქება – მათ შორის, ნიღბების ტარებისა და ფიზიკური დისტანციის გაუქმება და კვლავ აუცრელად დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

Worldometer-ის ინფორმაციით,  პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 259 მილიონზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5 მილიონზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 234 მილიონზე მეტი პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g