„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ალბათ იქ არის და უნდა იყოს კიდეც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, მაგრამ ამის მიღმა არის სუბსტანციები, რომლებიც ორი დელეგაციის მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. ამ სუბსტანციების დეტალებს ვერ განვიხილავ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც რეფერენდუმთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
პესკოვის თქმით, უკრაინა უფლებამოსილია რეფერენდუმი ჩაატაროს, თუმცა რუსეთთან მშვიდობის პირობებზე დელეგაციები იმსჯელებენ.
„მიგვაჩნია, რომ მოცემულ მომენტში მათი პუბლიკაზე გამოტანა მოლაპარაკებების პროცესს მხოლოდ ავნებს, რომელიც ისედაც იმაზე უფრო რთულად და ნაკლებად შინაარსიანად მიმდინარეობს, ვიდრე ვისურვებდით.“ – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კომპრომისების საბოლოო ფორმატი, რაზეც რუსეთ-უკრაინული დელეგაციები მსჯელობენ, რეფერენდუმზე უნდა გაიტანოს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა მიიღოს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში