LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისი მეტროში – ემუქრება თუ არა “ყველაზე სწრაფ ტრანსპორტს” პარალიზება

2282
მეტრო

ყველაზე სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისელებისათვის ბოლო პერიოდში არც ისე სწრაფი გახდა. მეტრო “გოცირიძის” ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ვარკეთილის სადგური, სადაც ახალგარემონტებული ჭერი ჩამოინგრა კვლავ სარეაბილიტაციოა, თუმცა ტენდერი ჯერ ისევ არ გამოცხადებულა. ასევე გურამიშვილის სადგური, რომლის რეაბილიტაციაც დროში გაიწელა. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც არაერთხელ გავრცელდა მგზავრების პოსტები, სადაც წერენ, რომ მეტრო დაზიანების გამო რამდენიმე წუთით შეფერხდა ან რომელიმე სადგურსა თუ გვირაბში დაკვამლიანება შეინიშნება და ამის გამო ვაგონებიდან მგზავრების ევაკუცია განხორციელდა. საბოლოოდ კი გაჩნდა გონივრული კითხვა: რამდენად საშიშია დღეს მეტროთი მგზავრობა?

 

ის, რომ  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია გაჭიანურდა და დროში გაიწელა, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზეც განიხილა. მან თავის მოადგილეს ამ პრობლემის დროზე მოგვარება დაავალა.

„ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება უბრალოდ სირცხვილია. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, იმოქმედეთ სწრაფად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ისე მოგვარებს ტრანსპორტის პრობლემებს, რომ ის ბევრ ევროპულ ქალაქსაც კი აჯობებს.

“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროზე. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკმა მოგვცა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი”, – განაცხადა კალაძემ.

 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდოამრე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერი არ არის ბოლომდე ინფორმირებული თუ რა ხდება რეალურად მიწისქვეშა ტრანსპორტში. მესხიშვილის თქმით, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა კრიზისშია და მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო არ არის.

„ჩემი აზრით, დღეს მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო არ არის. ეს რამდენიმე ხნის წინ ჭერის ჩამონგრევითაც დადასტურდა. ეჭვი მაქვს, რომ თავად მერსაც უმალავდნენ გარკვეულ ინფორმაციას, რომ ასეთი მძიმე სიტუაციაა მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ახლა იმდენად მწვავე გახდა ეს პრობლემა, რომ დღე არ გავა რაიმე მწყობრიდან არ გამოვიდეს. ის ფაქტი, რომ ხიდზე მატარებლების გაშვება მორიგეობით ხდება, როგორ შეიძლება ეს უსაფრთხო იყოს? რეალურად, იქნება ეს ხიდი, გვირაბი, რელსი თუ ესკალატორი უკვე ამორტიზირებულია. შესაბამისად, დღეს მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო არ არის“, – განაცხდა დავით მესხიშვილმა „ფორტუნასთან.“

 

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დროში გაწელილი ტენდერებია, რის გამოც წაგებული კვლავ მოსახლეობაა.

„უკვე 2 წელია გვესმის დედაქალაქის მერის განცხადება, რომ ვაგონები მოძველებულია, მაგრამ წინსვლის არცერთი ნაბიჯი არ გვინახავს. მხოლოდ გვესმის, რომ ტენდერი ჩატარდება, ხოლო იქ, სადაც იყო ტენდერი ჩატარებული, რამდენადაც ვიცი შეჩერდა. მაგალითად, ავლაბრის მეტროში, რადგან ქალაქის მერს არ მოეწონა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. შესაძლოა ეს მართლაც ასე იყოს, არ მოეწონა და არც იყო მოსაწონი, მაგრამ მაშინ პრობლემა გვაქვს, რომ სატრანსპორტო კომპანიამ არ იცის ამ ტენდერის ჩატარება ან ატარებს და ყავს დაინტერესებული კომპანიები. საბოლოოდ მოსახლეობაა წაგებული. ახლა ვიცით, რომ იგეგმება ტენდერის გამოცხადება, ოღონდ წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში. 2020 წლის დასაწყისამდე საერთოდ მივალთ თუ არა ასეთი მეტროთი? ეს არის კრიზისი და თითქმის მისული ვართ  მეტროს პარალიზებამდე. აქამდე მიგვიყვანა ფაქტების დამახინჯებამ, არასწორმა და არადროულმა რეაგირებამ და არაკომპეტენტურობამ“, – განაცხადა მესხიშვილმა რადიო „ფორტუნასთან“.

 

„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე მეტროში დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე პირების არაპროფესიონალიზმს უკავშირებს. მისი თქმით, კომპანიაში ძირითადად ნეპოტიზმით არიან დასაქმებულები, რაც სისტემის ჩამონგრევას იწვევს.

„დღეს ჩვენ გვაქვს თბილისის სატრანსპოროტო კომპანია, რომელიც მართავს მეტროსა და ავტობუსებს ქალაქში და ეს სატრანსპორტო კომპანია, სამწუხაროდ, თბილისის მერმა გადააქცია დასაქმების ბიუროდ. ყოველთვიურად, ყოველწლიურად ამ კომპანიაში მცირდება პროფესიონალი კადრების რაოდენობა და იზრდება სხვადასხვა მეთოდით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. იქნება ეს პარტიული ნიშნით პოლიტიკური აქტივისტების დასაქმება, თუ ნათესავების, ოჯახის წევრების, ნეპოტიზმით და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს კომპანიის ეფექტიანობას ამცირებს, ანუ ადამიანები ტოვებენ სამსახურს, როგორებიც არიან ინჟინერი, ტექნიკოსი, მეთვალყურეები, მემანქანეები დაბალი ხელფასის და არასათანადო პირობების გამო. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სისტემას ანგრევს და ეს ჩამოშლილი სისტემა, რა თქმა უნდა, აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე. ეფექტიანობა კი გავლენას ახდენს უსაფრთხოების სტანდარტზე.

 


დღეს თბილისის მეტროში ზედაპირულად ვიცით, რომ პრობლემა არის ინფრასტრუქტურის კომპონენტში. აქ საუბარია ლიანდაგებზე, ესკალატორებზე, მოძრავ შემადგენლობებზე, რომელიც მოძველებულია და ფაქტობრივად ამორტიზირებულია. მწვავე პრობლემაა ესკალატორების ნაწილში, ამოწურულია ყველანაირი ექსპლუატაციის რესურსი. დღეს ქვეყანაში მეტრო არის პრობლემური და მას სჭირდება ერთის მხრივ რეაბილიტირება, განახლება, მოდერნიზაცია, მეორეს მხირვ კი რაც ყველაზე მთავარია, განვითარება. განვითარებაში იგულისხმება მოძრავი შემადგენლობების რაოდენობის, კომფორტის, უსაფრთხოების ზრდა, ახალი ამოსასვლელებისა და ჩასასვლელების დამატება და ა.შ. დღეს მეტროპოლიტენი არის მომატებული საფრთხის შემცველი, რომელიც საჭიროებს მუდმივ კონტროლს და განსაკუთრებულ მონიტორინგს უსაფრთხოების თავლსაზრისით”,
– განაცხადა ვასო ურუშაძემ რადიო „ფორტუნასთან.“

mazda magti 5g