LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბლაშვილი: თავის აფეთქების შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა

92

თემირლანის მიერ გაგზავნილია ხუმრობით რაღაც შეტყობინებები გოგონას მიმართ, რომ აი, მე ამას ჩავიდენ, გარკვეული ხუმრობაა- ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც  ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ინფორმაციულ ტექნიკურ ექსპერტიზას გაეცნო. ჯამში ექსპერტიზისთვის დაშიფრულია 15 ათასი ფაილი.

კუბლაშვილი ადასტურებს, რომ პირადი სახის მიმოწერებში საუბარი იყო თემირლანის მხრიდან მეტროსადგურში თავის აფეთქებაზე. მაჩალიკაშვილების ადვოკატის განცხადებით დაშიფრული ფაილების ნახევარზე მეტი გადაგზავნილია სწორედ იმ გოგონასთან რომელიც სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილს უყვარდა. მისი განმარტებით, ამ მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა და მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას არ აპირებდა.

„მასალა არის ძალიან ვრცელი, თითქმის 15 000 ფაილი. ჩატარებული ექსპერტიზა არის ინფორმაციული სახის. გაშიფრულია შემავალ-გამავალი „ეს-ემ-ესები“. თემირლანს მიმოწერა ჰქონდა გოგონასთან. როგორც ჩანს, თემირლანს და მას ჰქონდათ გარკვეული პირადი ურთიერთობა. მას აქვს დიდი ხნის და ვრცელი მიმოწერები. თემირლანის მიერ გაგზავნილია ხუმრობით რაღაც შეტყობინებები გოგონას მიმართ, რომ აი, მე ამას ჩავიდენ, გარკვეული ხუმრობაა. მიმოწერას აქვს გაგრძელება, რომელიც უკავშირდება ინტერნეტიდან გადმოტანილ ვიდეოფაილს. ისინი ასევე საუბრობენ სასიყვარულო ფილმებზე. თემირლანის მხრიდან ამას აქვს ხუმრობის ხასიათი. ის არ აპირებდა თავის აფეთქებას“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონში არ ფიქსირდება არანაირი მიმოწერა ან საუბარი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებთან, მათ შორის არც ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევთან.

magti 5g