LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭ-ნაწლავის სიმსივნეები და მათი მკურნალობის მეთოდები – ემზარ ნადირაძე და ამიკო მათითაშვილი გადაცემაში „პულსი“

141
ემზარ-ნადირაძე-&-ამიკო-მათითაშვილი

17 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმები – ონკოქირურგი ემზარ ნადირაძე და კლინიკური ონკოლოგი ამიკო მათითაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც კუჭ-ნაწლავის სიმსივნეებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს.

– ამიკო, როგორია კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების სტატიკურ-ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი, რა მონაცემებია მსოფლიოში და რა მდგომარეობაა საქართველოში?

– მონაცემების თანახმად, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება, გამონაკლის არ წარმოადგენს არც საქართველო. ჩვენს ქვეყანაში ყოველ წელს კიბოს 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების ჩათვლით. რა თქმა უნდა, სტატისტიკა შემაშფოთებელია, თუმცა ნურავინ იფიქრებს, რომ მხოლოდ საქართველოშია მსგავსი მდგომარეობა, რადგან ანალოგიური მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.

– რა შესაძლებლობები აქვს ქართულ მედიცინას დაავადების სამკურნალოდ?

– საბედნიეროდ, საქართველოში სრულადაა შესაძლებელი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამიტომ აზრი არ აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებას. ჩვენ ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევას ვატარებთ, მკურნალობა კი, სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ქიმიოთერაპიის, იმუნო და ტარგეტული თერაპიის ჩათვლით.

– რამდენად ხელმისაწვდომია მსგავსი მკურნალობა პაციენტისთვის?

– მიხარია, რომ ამ მხრივ დიდი პროგრესია. ძალიან ბევრი კეთილი საქმე კეთდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. მაგალითად, ფინანსდება ქიმიოთერაპიის კურსი და ტარგეტული თერაპიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველაფრის დაფინანსება შეუძლებელია, თუმცა ძალიან გვინდა, რომ დოტაცია გაფართოვდეს და ყველა სფერო მოიცვას. პაციენტების ნაწილს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, ნაწილი კი, მხოლოდ მცირე ხნით მკურნალობას საჭიროებს, ამიტომ აუცილებელია დიფერენციაცია და დაფინანსების სწორად გადანაწილება. საბედნიეროდ, სამედიცინო საზოგადოება აქტიურადაა ჩაბმული მუშაობაში, რამდენიმე პროექტი უკვე ხორციელდება, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებს მაინც ჩამოვრჩებით, რაც სახელმწიფოსაც პრობლემებს უქმნის, რადგან არ იცის, რა პარამეტრებით განსაზღვროს დაფინანსებისა და მკურნალობის პაკეტი.

– ბატონო ემზარ, რამდენად ხშირად სარგებლობენ პაციენტები ქირურგიული მომსახურებით?

– მართალია, პაციენტები ხშირად მოგვმართავენ, მაგრამ მეტწილად დაგვიანებით, როცა დაავადება აღარ ექვემდებარება ოპერირებას, თუმცა, ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ პაციენტებს დაავადების მეორე და მესამე სტადიაზე, როცა სრულიად გამართლებულია კომპლექსური მკურნალობა.

– რას გულისხმობს კომპლექსური მკურნალობა და რამდენად ეფექტურია მსგავსი მეთოდის გამოყენება?

– სიმსივნეების შემთხვევაში მსოფლიო მედიცინა სწორედ კომპლექსურ მკურნალობას მიიჩნევს პრიორიტეტულად, როცა ქირურგი და ონკოლოგი კოლექტიურად მუშაობენ ტაქტიკაზე პაციენტთან შეთანხმებით. მაგალითად, კუჭის სიმსივნის შემთხვევაში პაციენტს ჯერ ქიმიოთერაპიის კურსს ვუტარებთ და მხოლოდ შემდეგ ვუკეთებთ ოპერაციას. თუმცა, არის შემთხვევები როცა წამყვანი როლი ქირურგს ენიჭება და მხოლოდ შემდეგ ერთვება ონკოლოგი.

– ამიკო, როგორ განსაზღვრება პაციენტის მკურნალობის სტრატეგია თქვენს კლინიკაში?

– ჩვენ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად განვიხილავთ სპეციალურად მოწყობილ კონსილიუმზე, დეტალურად ვსწავლობთ მის ისტორიას, ანამნეზს და ყველა მონაცემს, ერთობლივად ვარჩევთ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ და ოპტიმალურ ვარიანტს. ჩვენს კლინიკაში პაციენტს პრაქტიკულად ნებისმიერი მომსახურების მიღება შეუძლია, რაც მკურნალობასაც მნიშვნელოვნად ამარტივებს.

– რამდენად განსაზღვრავს ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტურობას?

– რა თქმა უნდა, დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობაც ეფექტურია და გამოჯანმრთელების ალბათობაც ბევრად მაღალი. ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია კოლონოსკოპია ანუ მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც სახელმწიფოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან ადრეულ სტადიაზე ავლენს უმცირესი სიმსივნურ წარმონაქმნებს და სწორად მკურნალობის საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ, პაციენტის გამოჯანმრთელებას გულისხმობს.

– ბატონო ემზარ, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად აქვს პაციენტს სრულად გამოჯანმრთელების  შანსი?

– მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან დღეს მკურნალობა სტანდარტიზებულია და სწორად მოქმედების შემთხვევაში შედეგიც სასიკეთოა.

– ამიკო, რას ურჩევთ ჩვენს მსმენელს?

– არავითარ შემთხვევაში არ დაიზარონ და არ გადადონ ექიმთან ვიზიტი, ნუ დაელოდებიან მდგომარეობის დამძიმებას, რადგან სიმსივნის შემთხვევაში სწორედ დაავადების დროული დიაგნოსტირებაა გადამწყვეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები