წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში წერს, რომ კულტურის სამინისტრო წიგნის ფესტივალის მხარდამჭერი აღარ არის. აღნიშნულს გვანცა ჯობავა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
როგორც გვანცა ჯობავა წერს, კულტურის სამინისტროს განმარტებაც არ გაუკეთებია, თუ რატომ „ჰკრა წიხლი 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს“.
„ამ ამბავს საკმაოდ დიდხანს ვინახავდით გულში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უკვე დადგა საჯაროდ საუბრის დროც. ვისაც ქართული კულტურის ბედი გაწუხებთ, ეს პოსტი თქვენთვისაა…
მაგრამ მოდი, თავდაპირველად კარგი ამბით დავიწყებ. მეორე საფესტივალო დღის ბოლოს, თამამად გეტყვით, რომ პანდემიის შემდეგ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არნახული მასშტაბით დაუბრუნდა თავის მკითხველს. ფესტივალის პირველ დღეს, არცერთი წუთით არ შეწყვეტილა ექსპო ჯორჯიას პავილიონებისკენ მომავალი ადამიანების უდიდესი ტალღა, ათასობით ადამიანი ესტუმრა მეხუთე, მეექვსე და მეთერთმეტე პავილიონებს, უამრავმა ადამიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ ჩვენთან, წიგნის ფესტივალზე, ამ ქალაქისთვის ასე საყვარელ, თავისუფლების კუნძულზე აღნიშნა. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი, უამრავი გულშემატკივარი, ათიათასობით მკითხველი და ძალიან მდიდრები და ძლიერები ვართ მათი სიყვარულით. მაგრამ…
მაგრამ წელს პირველად, დაახლოებით თორმეტწლიანი (მეტი თუ არა), თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს. გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ!
შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს.
ცხადია, ეს უკვე აღარ არის კარგი ამბავი, ეს ცუდი ამბავია, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების გამო, საგამომცემლო სექტორს, ლიტერატურის სფეროს, ათიათასობით მკითხველს და ჩვენს ქალაქს შეიძლებოდა 23 წლიანი ისტორიის შემდეგ, მისთვის ასე საყვარელი წიგნის ფესტივალი უბრალოდ დაეკარგა და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული – დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად, ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია.
მაგრამ არა, ამ ამბავს არ აქვს ცუდი დასასრული, იმიტომ რომ ჩვენს გუნდში მუშაობენ თავისი საქმის პროფესიონალები და ჯადოქრებიც, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი გვყავს (და მზად ვართ უფრო მეტი დავიმეგობროთ), ამიტომ არათუ გადავრჩით, არამე უკვე მეორე დღეა ჩვენს მკითხველს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენას და უდიდეს დღესასწაულს ვჩუქნით!
აქვე ვიტყვი, რომ გარდა წიგნის ფესტივალისა, ლიტერატურული პრემია „ლიტერასი“, ნგრევა და მე დღეს არსებულ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ გარდა ნგრევისა, დაიწყო უფრო ადრეც, როდესაც ასევე ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი გვითხრა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა. აგერ უკვე მეორე წელია, ბიბლიოთეკარები ამაოდ ელიან, რომ ისევ დავუძახებთ და ისევ გადავცემთ ვაუჩერებს ახალი წიგნების შესაძენად. სამწუხაროდ, არა, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკების ბედი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ მთავარია პირადი ინტერესები, მთავარია ვინ ჩვენიანია და ვინ სხვისიანი ან არავისიანი, შესაბამისად არასაჭირო. დიახ, ჩვენ შევძელით და ამ გასაჭირმა გაგვაძლიერა, მაგრამ რა სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს, რაც ქართულ კულტურაში სამი ათეული წელია, უამრავი გაჭირვების, დაბრკოლებების მიუხედავად, ასე რუდუნებით იქმნებოდა. რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!“, – წერს გვანცა ჯობავა.