LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციაზე მუშაობა იწყება

64
1497799197-1497541436-turtle-lake

თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად, დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა და კონცეფცია რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს.

კალაძის განმარტებით, ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და დამყარებული უნდა იყო მრავალწლიან კვლევებზე:

“მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე. თავის მხრივ, ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები. შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის. მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე – ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები.” – თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, კუს ტბის მიმდებარე არეალის რეკონსტრუქციის პროექტი, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზეც განიხილება:

” აუცილებელი იქნება ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე საკითხის გატანა, მათი რეკომენდაციების მოსმენა-გათვალისწინება და შემდეგ უნდა მოხდეს პროექტის შემუშავება, რომ ქალაქში კიდევ ერთი ძალიან კარგი, განახლებული რეკრეაციული სივრცე მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, მისი განახლების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამიტომ, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.” – აღნიშნა მერმა.

კალაძის განმარტებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა, ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი და ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს:

“იცით, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g