კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების ასამოქმედებლად შესაბამისი ინსტიტუციები იმუშავებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„კვიპროსელ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე აერთიანებს ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა. ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ბიზნესფორუმი, რომელიც ხვალ თბილისში გაიმართება“, – განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესასოციაცია და საქართველო-კვიპროსის ბიზნესკლუბის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
„მისასალმებელია პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით. შესაბამისი ინსტიტუციები გააგრძელებენ მუშაობას, რათა დედაქალაქებს შორისაც ამოქმედდეს პირდაპირი ფრენები”, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.