“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ძალისმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.
„ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს, დაინიშნოს ახალი არჩვენები, ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.