LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირეული დათის ეძღვნება” – საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კვირეული იწყება: ეკა ლალიაშვილი განმარტავს, როგორ შევძლებთ გზებზე სიჩქარის ლიმიტების შემცირებას

151
BeFunky-collage (3)

ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” საგზაო უსაფრთხოების კვირეულს გამართავს.

საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030, გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გლობალური წამოწყებაა, რომლის ფარგლებში ქვეყნები მიზნად ისახავენ განახევრდეს საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ლეტალობა და მძიმე დაზიანება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სიჩქარის ლიმიტების შემცირებაა ქალაქის გზებზე, განსაკუთრებით კი დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონებში და თანმიმდევრული ადმინისტრირება.

16-დან 22 მაისამდე საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული აღინიშნება.

წლევანდელი მოწოდებაა #შეანელე #იმოქმედე #ქუჩებისიცოცხლისთვის.

საგზაო უსაფრთხოების თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში 450 ადამიანი იღუპება და 7000-ზე მეტი იღებს დაზიანებას, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს საკმაოდ სერიოზული სტატისტიკაა.

როცა ვიცით, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლება, თუ ვივლით ნელა, დავიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს, ინფრასტრუქტურა უფრო უსაფრთხო იქნება და ა.შ

მაშინ როცა იცი, რომ ეს არ არის შენი ბედისწერა, რაც ჩვენთან გავრცელებული ფენომენია, თითქოს ამის თავიდან აცილება არ შეიძლება.

შეიძლება ამის თავიდან არიდება და გვინდა, რომ უფრო მეტი მოქმედება იყოს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას იმოქმედოს.

უფრო სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს, შემოგვთავაზოს უსაფრთხო გზები, ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტები უფრო მაღალ დონეზე იყოს, ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც დღეს გვაქვს უფრო მაღალ ხარისხში იყოს აყვანილი.

ასევე მარტო ხელისუფლების გასაკეთებელი ეს არ არის, თითოეული მძღოლისთვის წესების დაცვა ეს არის, პირველ რიგში, მისი უსაფრთხოებისთვის და ასევე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის.

დათის ეძღვნება ეს კვირეული, რომელიც შემდეგ კვირაში იწყება საგზაო თემაზე.

დათი, რომელიც სკოლის ავტობუსს ელოდა ვერც წარმოიდგენდა, თუ ასეთი რამ გადახდებოდა, ვიღაცის სწრაფი მანევრის, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, ბავშვს ასეთი რამ დაემართა.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ზრუნვით იწყება, სიჩქარის შენელებით იწყება საგზაო უსაფრთხოების ამაღლება,” – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

როგორ მივაღწევთ გზებზე სიჩქარის ლიმიტების შემცირებას?

ეს იქნება მხოლოდ ამკრძალავ ნიშნებზე დამოკიდებული, თუ რა ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი, თქვენი შეფასებით?

“ჩვენ დღეს ქალაქის გზებზე გვაქვს სიჩქარე 60 კმ/სთ, რაც არის ძალიან მაღალი.

მინიმუმ უნდა დავწიოთ სიჩქარის ლიმიტები იმიტომ, რომ დღეს ამ მაღალი სიჩქარის მიუხედავად კიდევ +15 კმ/სთ-ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი კანონმდებლობა.

ქალაქის გზაზე 75-ით რომ იაროთ, დასახლებულ პუნქტს ვგულისხმობ, ეს კატასტროფაა.

პირველ რიგში, ამის ინიცირებაა საჭირო, რომ დაიწიოს სიჩქარის ლიმიტებმა ქალაქის გზებზე, იქ სადაც დასახლებული პუნქტია, შერეული მოძრაობაა.

ასევე საჭიროა სკოლის ზონების შექმნა, იქ, სადაც სკოლებია და არის საფრთხე, რომ ბავშვმა გადაირბინოს, იქ უნდა შეიქმნას სკოლის ზონები, სადაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ განავითარებ მაღალ სიჩქარეს.

რაც მთავარია ამის ადმინისტრირებაა საჭირო. კამერები, რომლებიც უნდა იყოს ჩართული უნდა იყოს უფრო მეტი.

მძღოლის მოლოდინი უნდა იყოს, რომ თუ მე დავარღვევ, ქულა ჩამომაკლდება სიჩქარის გადაჭარბების გამო.

დღეს ეს ხდება პატრულ-ინსპექტორის მიერ, რაც უბრალოდ არ მუშაობს.

აი შარშანდელ სტატისტიკას გადავხედე და სულ 92 ადამიანია, რომელსაც განულებული აქვს 100 ქულა.

ეს არის აბსურდი. როდესაც მილიონზე მეტი მძღოლია, ამდენი დამრღვევია, დაახლოებით 800 000 ჯარიმა არის გამოწერილი, სიჩქარის გადაჭარბებაზე, წარმოგიდგენიათ? და მხოლოდ 92 მძღოლია, ვისაც განულებული აქვს ქულა.

ამ ქულების ადმინისტრირება პირდაპირ უნდა იყოს მიბმული ჭკვიან კამერებთან.

მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ნელ-ნელა ჩავდგეთ კალაპოტში, შევამციროთ სიჩქარე, დავიცვათ მოძრაობის წესები იმიტომ, რომ თუ მძღოლს არ აქვს იმის განცდა, რომ მის დარღვევაზე იქნება შესაბამისი პასუხი აღმასრულებლის მიერ, რა თქმა უნდა, ის ქცევას ვერ შეიცვლის.

გადაიხდის ჯარიმას და გააგრძელებს ისევ ისე. ასეთი მძღოლებისთვის ჯარიმა არ არის შემაკავებელი ფაქტორი,“ – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები