LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებით დაინტერესდა

136

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ინტენსიური წვიმის შედეგად დაზარალდა ქედა და შუახევი.

„ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. ხიდების აღდგენას დრო დაჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის. ამ ოთხი ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომელიც აღგვადგენინებს სრულყოფილ კავშირს მოსახლეობასთან, სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ. ასევე მათ სჭირდებათ რკინიგზიდან ვაგონების ძარები ხიდისთვის“, – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.

„კარგია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ არის კომუნიკაცია საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ, გავიაროთ ეს საკითხები. მინდა, ფინანსთა სამინისტროდან გიორგი თაბუაშვილს ვთხოვო, რომ დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები. რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდგომარეობაა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დევდორაკის ხეობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება, თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.

„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მხოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

magti 5g