„ბატონმა კვირიკაშვილმა ეს ყვავ–ყორნები „ქართულ ოცნებაში“ უნდა მოიკითხოს,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ, განაცხადა.
„ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა–არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს. მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერმინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო. გუშინ, თუ დააკვირდით ალავიძის დამცველების სიმრავლეს, მიხვდებოდით, რამდენ ადამიანზე ნაწილდება კორუფციული სქემით ამოქაჩული თანხები,“- განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, მაია ცქიტიშვილის დანიშვნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დანიშვნას ნიშნავს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.