LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი“ – გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს როდის შეიძლება გაიხსნას რიკოთის უღელტეხილი

234
გოგა წერეთელი

„კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმის შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იმიტომ აიკრძალა, რომ გზასთან დაახლოებით, 200 მეტრში, თოვლის დნობის შედეგად, ბზარები განვითარდა, რაც შესაძლო მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას წარმოადგენს.

მანვე აღნიშნა, რომ მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

რიკოთზე გზაზე ლაფი ჩამოვიდა – მოქალაქეები რიკოთის უღელტეხილიდან ვიდეო კადრებს ავრცელებენ

წერეთლის თქმით, დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, ასევე, ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს:

„აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის მოსვლის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით, 200 მეტრში განვითარდა მეწყრული პროცესები.

დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, ზრდა და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოშლის ტენდენცია იყო. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის უღელტეხილზე დროებით გადაადგილება შეგვეზღუდა.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს უხდის.

მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე.“– განაცხადა გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილი 30 მარტს ჩაიკეტა.

რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება

magti 5g