დედობის გავლენა ტვინზე მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია – ორსულობა და ბავშვის გაჩენა აძლიერებს ემპათიას, ადაპტაციის უნარსა და ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულების შესაძლებლობას. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსი ცვლილებები მამებსაც ეხებათ.
გერმანიის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის დაბადებიდან პირველივე კვირებში ახალგაზრდა მამების ტვინში მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ცვლილებები იწყება.
კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში ძლიერდება ნეირონული კავშირები იმ უბნებს შორის, რომლებიც ემოციების, ყურადღებისა და გარემოზე სწრაფი რეაგირების პროცესებზეა პასუხისმგებელი.

ყველაზე მეტად იცვლება ტვინის ის ნაწილი, რომელსაც მეცნიერები „მნიშვნელობის გამოვლენის სისტემას“ უწოდებენ. სწორედ ეს მექანიზმი ეხმარება ადამიანს, უამრავ ინფორმაციას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი ამოიცნოს და შესაბამისი რეაქცია მოახდინოს.
ახალგაზრდა მშობლებს ყოველდღიურად უწევთ ჩვილის ტირილის, მიმიკებისა და ქცევის სწრაფი ინტერპრეტაცია. მკვლევრების აზრით, მამების ტვინი სწორედ ამ მუდმივ სიგნალებთან ადაპტირდება, რათა ბავშვის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად მოახდინოს რეაგირება.
ცვლილებები აღინიშნა ასევე ამიგდალაში – ტვინის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან უბანში, რომელიც ემოციების დამუშავებასა და ემოციურად მნიშვნელოვანი მოვლენების დამახსოვრებაში მონაწილეობს.
მეცნიერების განმარტებით, ეს შედეგები ე.წ. „მშობლური ზრუნვის სისტემის“ არსებობას ადასტურებს. ეს არის ნეირონული ქსელების ერთობლიობა, რომელიც ბავშვის მოვლას, ემპათიას, ყურადღებასა და ემოციების მართვას უზრუნველყოფს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დედებისა და მამების ტვინი საბოლოოდ მსგავს ცვლილებებს განიცდის, თუმცა განსხვავებული გზებით. თუ დედებში ეს პროცესი ძირითადად ორსულობისა და ჰორმონალური ცვლილებების გავლენით იწყება, მამებში გარდაქმნები ბავშვის დაბადების შემდეგ, პასუხისმგებლობის განცდისა და ყოველდღიური ზრუნვის პროცესში ვითარდება.
მკვლევართა შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მშობლობა მხოლოდ ემოციური გამოცდილება არ არის, ის ადამიანის ტვინის მუშაობასა და ბიოლოგიაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.