ხელოვნური დამატკბობლების ხშირი მოხმარება შესაძლოა მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციების უფრო სწრაფ გაუარესებას უკავშირდებოდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.
კვლევამ, რომელიც თითქმის 13 000 ზრდასრულს რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდა, დაადგინა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყველაზე მეტ ხელოვნურ დამატკბობელს მოიხმარდნენ, კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება 62%-ით უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. მკვლევართა შეფასებით, ეს დაახლოებით 1,6 წლით დაჩქარებულ ტვინის დაბერებას შეესაბამება. ყველაზე მკვეთრი კავშირი 60 წლამდე ასაკის ადამიანებსა და დიაბეტის მქონე პირებში დაფიქსირდა.

კვლევა მოიცავდა ფართოდ გამოყენებულ დამატკბობლებს, მათ შორის ასპარტამს, საქარინს, აცესულფამ K-ს, ერითრიტოლს, ქსილიტოლსა და სორბიტოლს. მხოლოდ ტაგატოზის შემთხვევაში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა კავშირს აჩვენებს და არა მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. შესაბამისად, არსებული მონაცემები არ ნიშნავს, რომ შაქრის შემცვლელები პირდაპირ იწვევს ტვინის დაბერებას, თუმცა მათი თქმით, შედეგები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მიმართულებით დამატებითი კვლევები ჩატარდეს.