LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო კახაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – „საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა…“

529

მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კახი კავსაძის ემოციურმა ჩანახატმა, სადაც ის აღწერს, როგორ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. ის ცნობილ ექსოსკოპისტ ლადო კახაძესთან მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ ცუდი დაავადება სჭირდა. ამის შემდეგ მან გერმანიაში გადაწყვიტა სამკურნალოდ გამგზავრება, თუმცა მანამდე უწმინდესსა და უნეტარესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან , მისივე მიწვევით, მივიდა და ილია მეორემ დალოცა.

მსახიობი გერმანიაში გაემგზავრა გამოკვლევაზე. როგორც თავად აღწერს, დიდხანს უტრიალეს ექიმებმა და ბოლოს უთხრეს, რომ არაფერი სჭირდა. „ეს იმიტომ, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, ეს ცოტა ვერ არისო… გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. თქვენ სასწაულის გჯერათ? – მეკითხება გერმანელი ექიმი… მე სიკეთის ძალის მჯერა, ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს“ – იხსენებს კახი კავსაძე.

ჩვენ ექიმ ლადო კახაძეს დავუკავშირდით, რათა მისგანაც გაგვეგო ამ ამბის დეტალები…

ლადო კახაძე:

ბატონი კახი ჩემი უფროსი მეგობარია, იმავდროულად პაციენტი. მე ვაკონტროლებ ხოლმე მის ჯანმრთელობას.

მას ახლახან საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამოიღეს წარმონაქმნი, იყო ეჭვი, რომ არ ყოფილიყო რეციდივი, ამიტომაც მოვიდა ჩემთან. გავაკეთეთ ექოსკოპია და არ იყო კარგი მდგომარეობა, ეს დაფიქსირდა სურათზეც. ვიცოდი, რომ ის გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას. მანამდე  შევხვდით ერთმანეთს და მომიყვა პატრიარქთან შეხვედრის ამბავიც, რომ მისგან დალოცვა და კურთხევა მიიღო.

გერმანიაში ჩასულს, გამოკვლევაზე უთხრეს, რომ ის წარმონაქმნი ისეთი სიმძაფრის აღარ არის. თბილისში დაბრუნებულმა მაჩვენა ძველი სურათიც და ახალიც. შეშუპება დამცხრალიყო…

ამას რას მიაწერთ?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები უნდა შეაფასოს… 63 წლის კაცი ვარ და წამალს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვსვამ. გამიხარდა, რომ ბატონი კახი კარგად არის, გადავაკონტროლე და აღარაფერია საშიში. მისი ჯანმრთელობის ამბავი ყველასთვის მნიშვნელოვანია…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები