LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლანა ღოღობერიძეს 95 წელი შეუსრულდა“ – რეჟისორს იუბილეს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს

306
ლანა1

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალურ ქსელში, ლანა ღოღობერიძეს იუბილეს ულოცავს.

ქართველ რეჟისორს 95 წელი შეუსრულდა.

ვიდეო: ლანა ღოღობერიძე: „სიბერეს რაღაც დადებითიც მოაქვს, სიკვდილს უშინაურდები, თითქოს აქვეა…“

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ლანა ღოღობერიძეს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

ცნობილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე მრავალმხრივი და გამორჩეული შემოქმედია: იგი არის კინორეჟისორი, სცენარისტი, მთარგმნელი, მხატვარი.

  • ლანა ღოღობერიძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილება.
  • 1953-1954 წლებში იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი.
  • 1954 წელს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
  • ავტორია მონოგრაფიისა უოლტ უიტმენის შესახებ (1955წ.).
  • თარგმნა უოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, ედგარ ალან პოს, პოლ ვერლენის, ანა ახმატოვასა და ბორის პასტერნაკის ლექსები.
  • 1959 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო).
  • 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად.
  • 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას.
  • 1982 წლიდან ასრულებდა კინოსტუდია „დროს“ სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას.
  • 1983-1988 წლებში სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს.
  • 1988 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.

გამორჩეული ხელოვანის პირველივე მხატვრულ ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (1961), რომელიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მცხოვრებ ქალთა ბედის ამსახველ სამ ნოველას („თავადის ქალი მაია“- ლეო ქიაჩელის მოთხრობის მიხედვით, „მტრედები“ და „ფრესკა“ – არჩილ სულაკაურის მოთხრობების მიხედვით) აერთიანებს წარმოჩინდა მისი შემოქმედების მთავარი თემა – ქალი და დრო.

საზოგადოებაში გამეფებული ორმაგი სტანდარტის მიუღებლობამ განაპირობა კრიტიკული პათოსი ფილმისა „ფერისცვალება“ (1968).

პირველი ზნეობრივი გამოცდის წინაშე მდგომი ახალგაზრდების პრობლემებს მიეძღვნა ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ (საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრემია საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, 1972).

რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმმა „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – საკავშირო ფესტივალის პრემია საუკეთესო ფილმისთვის (1979), სან-რემოს  საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი (1979), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1980).

საკუთარი თავისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის თემამ ფართო განზოგადება ჰპოვა ეპიკურ დრამაში „დღეს ღამე უთენებია“ (1983) -საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“ (1984), კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი და საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი  (1984).

ადამიანებს შორის არსებულ იდუმალ კავშირებსა და უხილავ ძაფებზე მოგვითხრობს ფილმი „ორომტრიალი“ (1986) – ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის (1987), საპატიო მთავარი პრიზი კრეტის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1989).

ბავშვობის განცდებისა და დედის (ყოფილი პოლიტპატიმრის) მოგონებების საფუძველზე გადაიღო ფილმი „ვალსი პეჩორაზე“ (1992) – ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი (1992), ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ეკუმენისტური ჟიურის პრიზი (1993).

ლანა ღოღობერიძეს ასევე გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ (ნოდარ დუმბაძის რომანის ეკრანიზაცია, 1965), „აურზაური სალხინეთში“ (ქართული ფილმების ბათუმის რესპუბლიკური კინოფესტივალის პრემია, 1975), „ოქროს ძაფი“ (2019).

ლანა ღოღობერიძე ყველა თავისი ფილმის სცენარის თანაავტორია.

გარდა მხატვრული ფილმებისა, მან გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „გელათი“ (1958), „თბილისი 1500 წლისაა“ (1959), „ქართული არქიტექტურა“ (1960), „უკანასკნელი წერილი შვილებს“ (ი. კვაჭაძესთან ერთად, 1982).

ლანა ღოღობერიძეს 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. არის საქართველოსა და საფრანგეთის ღირსების ორდენების კავალერი, საქართველოსა და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

2016 წელს შტუტგარტში ჩატარდა ლანა ღოღობერიძის ფილმების ჩვენება, სადაც მას „ლეგენდარული ლანა ღოღობერიძე“ უწოდეს.

გამოცემულია ლანა ღოღობერიძის ნამუშევრების კატალოგი – „განვლილი გზა“.

რეჟისორმა გამართა სამი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1997) და სტრასბურგში (2001, 2005).

იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი (1968-1996); კინემატოგრაფისტ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი (1988-1993); საქართველოს პარლამენტის წევრი (1993-1999); უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ევროსაბჭოში; საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი.

ლანა ღოღობერიძეს 95 წელი შეუსრულდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ლანა ღოღობერიძეს…

Posted by საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2023

ასევე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში (1999-2005), საქართველოს დესპანი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში (2007-2009),“ – ნათქვამია მისალოც წერილში.

ლანა ღოღობერიძე: „ადამიანის ყველაზე დიდი გრძნობა არის სოლიდარობა.. როცა შენი ტკივილი ჩემი ტკივილიცაა, ჩემი ტკივილი შენი ტკივილია”