ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა და თავის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია დოლართან მიმართებაში. ხვალიდან ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.4371 ლარი იქნება. ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.49 ლარს მიაღწია.
სახელისუფლებო წრეების მტკიცებას, რომ ლარი მალე დასტაბილურდება, არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია.
როგორც ექსპერტმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, გამყარების ნაცვლად, არსებულ დინამიკაში, ლარი დეკემბარმდე, შესაძლოა, კიდევ გაუფასურდეს და დოლარმა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.
ირაკლი მაკალათიას თქმითვე, ლარის ნიშნულის ისტორიულ მაქსიმამუმადე მიღწევა აისახება სამომხმარებლო ბაზარზეც და დიდი ალბათობით, ეს, პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს.
ექსპერტის თქმით, ლარის კურსის სტაბილიზაციის პროგნოზი საკმაოდ მყიფეა, დღეისათვის ის თითქმის 2.5 ნიშნულს უტოლდება და შესაძლოა 2.6 ნიშნულსაც კი მიაღწიოს, მით უმეტეს, რომ დინამიკაში, შემოდგომით ვალუტის კურსი უფრო მეტად განიცდის ხოლმე ვარდნას, გაზაფხულზე კი მყარდება.
რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს – მაკალათიას განმარტებით პირველ რიგში ამის მიზეზია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე და მაღალია დოლარიზაცია.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ადგილობრივი წარმოების განვითარება, ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდის იმპორტირებულ საქონელზე და შეამცირებს დოლარიზაციას. ასევე მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიციის შემოსვლა საშუალოვადიან პერსპექტივაში.