ლარნაკა კვიპროსის უძველეს ქალაქზე აცხადებს პრეტენზიას. არქეოლოგების მიერ ნაპოვნი მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი აქ 6000 წლის წინ სახლობდა. თუმცა დღეს კურორტს ეს სიძველე ნაკლებად ეტყობა. თანამედროვე ლარნაკა – კვიპროსის სხვა საზღვაო კურორტების ტყუპისცალია: ძველი ცენტრი და სასტუმროებისა და რესტორნების ნაირფეროვნება სანაპიროს სიახლოვეს.
ლარნაკა არც თუ მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვისაა. აქ შესაძლებელია ბავშვებთან ერთად დასვენებაც, რადგან ზღვა ღრმა არ არის და ფსკერი ქვიშისაა. კურორტი კარგია ხანშიშესულებისთვისაც, მათ კომფორტულად შეუძლიათ დაისვენონ დიდი ქალაქების ხმაურისგან.
ლარნაკა ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ქართველი ტურისტებისთვის. ქუთაისიდან პირდაპირი რეისის არსებობამ და უვიზო რეჟიმის არარსებობამ, პლუს შედარებით დაბალმა ფასებმა, კუნძულისკენ გზა მარტივი, ხელმისაწვდომი და სასურველი გახადა.
ცოტა რამ ისტორიიდან
ლარნაკას მრავალსაუკუნოვანი და გამორჩეული ისტორია აქვს. ქალაქი, ლეგენდის თანახმად, ნოას შთამომავლებმა დაარსეს. მოგვიანებით აქ დასახლდა მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე. მან აქ დიდხანს იცხოვრა და იქვეა დაკრძალული, ხოლო მის საფლავს აწერია: „ლაზარე ქრისტეს მეგობარი“. ალბათ ამის გამოც მიიღო ქალაქმა სახელწოდება – ლარნაკა ითარგმნება როგორც აკლდამა. დღეს ლაზარეს საფლავზე აღმართულია ტაძარი.
მრავალი წლის განმავლობაში ქალაქი უმსხვილესი პორტი იყო, მაგრამ მერე თავისი მნიშვნელობა დაკარგა და უამრავი კერძო იახტის გემსაბლის ადგილი გახდა. სამაგიეროდ ლარნაკაშია კვიპროსის უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი.
ტრანსპორტი
ლარნაკაში და მის ფარგლებს გარეთ ავტობუსითა და „მარშუტკით“ გადაადგილებაში Cyprus by Bus დაგეხმარებათ. აქ თავმოყრილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მარშრუტი – გაჩერებები, განრიგი, ტარიფები. დღის ავტობუსის ბილეთი 1.5 ევრო ღირს, ღამის – 2.5 ევრო. ულიმიტო მთელი დღით 5 ევროა, ერთკვირიანი – 20 ევრო. ოღონდ ესენი ღამის მარშრუტებზე არ ჭრის.
ტაქსი საკმაოდ ძვირია. ჩასხდომა 3.5 ევროა, ბარგის ადგილი 1-1.5 ევრო, 1 კმ – 0.7 ევრო. ღამით და დღესასწულებზე ტარიფები ლამის ორმაგდება.
ძალიან პოპულარულია ველოსიპედების ქირაობა. ორთვლიანი ტრანსპორტის 24 საათით აღება 6-8 ევრო დაგიჯდებათ.
ხოლო თუ პედლის ტრიალი გეზარებათ, მოპედი აიღეთ – 20-30 ევრო დღიურად.
ლარნაკას სანაპიროები
ლარნაკა წამყვან კურორტად არ მიიჩნევა, მაგრამ აქ ზღვაზე დასვენებისთვის მშვენიერი ვითარებაა. ქალაქის მთავარი პლაჟები ცისფერი დროშებითაა დაჯილდოებული, ანუ სისუფთავის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. პლაჟების უმრავლესობა უფასოა. მეტიც, შეგიძლიათ საკუთარი ქოლგაც მიიტანოთ, გაშალოთ პირსახოცი და არც არავინ მოგედავებათ. ცოტა მოშორებით მდებარე პლაჟებიც კი მშვენივრად არის მოწყობილი. პლუს თბილი, სუფთა და გამჭირვალე წყალი. მეტი რა არის საჭირო.
ისე, შეზლონგისა და ქოლგის კომპლექტისთვის ჩვეულებრივ 5 ევროს ითხოვენ.
აი ქვიშა კი არც ოქროსფერია და არც თეთრი, ის ნაცრისფერია და საუკეთესოდ არ გამოიყურება, მაგრამ ნაგავს დაკვირვებით აცლიან და წამოწოლა სასიამოვნოა.
სეზონზე ყველა მთავარ სანაპიროზე მაშველები მუშაობენ.
მთლიანობაში ლარნაკაზე საბანაოდ ვარგისი დაახლოებით 25 კმ სანაპირო ზოლი მოდის. კვიპროსის ტურიზმის ორგანიზაციის პლაჟი და „ფინიკუდესი“ კარგია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის, პლაჟი „მაკენზი“ ახალგაზრდობას უფრო მოეწონება – საღამოობით აქ ღამის კლუბები იხსნება, „იანატესი“ ეკო-პლაჟია. ხოლო „ფაროსი“ და კასტელა შედარებით მშვიდია და წყვილებისთვის და ოჯახებისთვისაა რეკომენდირებული.
დაივინგი ლარნაკაში
პატარა ლარნაკაში ათამდე დაივინგ-ცენტრი და სკოლა მოიძებნება (მათ შორის რუსულენოვანიც). მათი მთავარი სპეციალიზაციაა კურორტის, და შესაძლოა მთელი კვიპროსის, მთავარი წყალქვეშა ატრაქციონი – ჩაძირული სატვირთო საოკეანო ბორანი „ზენობია“. დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი გიგანტურ ხელოვნურ რიფად და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის საცხოვრებლად იქცა. დაუვიწყარი სანახაობაა და წლიურად 45 ათას დაივერს იზიდავს.
ოღონდ ერთია: „ზენობიაზე“ ახალბედებს არ უშვებენ (გემი 17-დან 42 მეტრ სიღრმეზეა), მაგრამ თუ ძალიან მოინდომეთ, შვებულების დროს შესაძლებელია ერთ-ერთ სკოლაში აუცილებელი სწავლება გაიაროთ და კვალიფიკაცია აიმაღლოთ. ფასები მცირე არ არის. საწყისი სწავლება – 80-165 ევრო ჯდება. ONE STAR DIVER ან OPEN WATER DIVER დაახლოებით 450 ევროს ამბავია. „ზენობიაზე“ ჩაყვინთვა (მოწყობილობის ქირაობით და ორჯერ ჩასვლით) 100-130 ევრო ღირს.
შოპინგი
ლარნაკას მთავარი სავაჭრო ქუჩებია Zenonos Kitieos და Ermou Street. აქ თავმოყრილია მოდური ბუტიკები, საიუველირო მაღაზიები. სუვენირები უმჯობესია უფრო მშვიდ და ვიწრო ქუჩებზე ეძებოთ. საინტერესოა ბაზრობა Ermou – ყოველ კვირას 10:00-დან 13:00 საათამდე ადგილობრივი ხელოსნების ნაკეთობებით ვაჭრობენ.
მეზობელი სოფელი ლეფკარა სახელგანთქმულია სელის მაქმანის შექმნის ძველი ხელოვნებით. სამუშაოს ნერვები და ოფლი ჭირდება, მაგრამ ფასიც ადევს. პატარა ხელსახოცი მინიმუმ 15-20 ევროა, ლარნაკას მაღაზიებში მეტსაც მოგთხოვენ, ხოლო თუ უფრო იაფად ნახავთ, ესე იგი ყალბია.
თავის დროზე ამ სოფლის ხელოვნებამ თვით ლეონარდო და ვინჩი აღაფრთოვანა.
ზეითუნის ზეთი – მას კურორტის გარეუბნებში პატარა ფაბრიკებში აწარმოებენ, ადეკვატური ფასია 5 ევრო ლიტრიან ბოთლში. ბარემ აღვნიშნოთ ზეთისხილისა და ლავანდის ნატურალური კოსმეტიკა, არომატული კვიპროსული ღვინოები, ასევე სამხრეთული ტკბილეული და თეთრი ყველი „ხალუმი“.
სამზარეულო და რესტორნები
ლარნაკა მრავალფეროვანი სამზარეულოთი გიმასპინძლებთ – სტანდარტული ფასფუდი, იტალიური პასტა, მექსიკური, ჩინური, ლიბანური და ინდური რესტორნები. თუმცა ადგილობრივი კულინარიული ტრადიციებითაც მდიდარია. მით უმეტეს, რომ ლარნაკას ტავერნებში გემრიელად და არც თუ ძვირად გაჭმევენ.
თევზის ან ხორცის კერძი „მეზე“ 15-25 ევრო ჯდება, მაგრამ ორ კაცს თავისუფლად ყოფნის და რჩება კიდეც. სხვათა შორის, არ არის მოსარიდებელი თუ მორჩენილი საკვების წაღებას ითხოვთ. პირიქითაც კია – არაფერი დაგრჩათ, ესე იგი მოგეწონათ და ღირსეულად შეაფასეთ მზარეულის შრომა.
გამორჩეულ ტურისტულ რესტორნებში სადილი ორ პერსონაზე თავისი ლუდით ან ღვინით 30-40 ევრო დაგიჯდებათ. ისე, ტკბილი კვიპროსული ღვინის ბოთლის ფასი მაღაზიაში 5-15 ევროა.
ყავის დასალევად შეგიძლიათ საოჯახო პატარა კაფეს ესტუმროთ. არომატული სასმელის პორცია 2 ევრო ღირს, დესერტი და ნამცხვარი 0.45-1.5 ევრო. აქ ნახავთ სამი სკამის რიტუალს – ტიპი ერთ სკამზე ზის, მეორეზე ფეხებს აწყობს, მესამეზე კი ფინჯანი ყავა და ცივი წყალი უდევს.
გართობა და ღირსშესანიშნაობები
ლარნაკაში საზღვაო დასვენების გარდა სხვა საქმიანობასაც იპოვით. მაგალითად, ნახეთ ძველი ქალაქის ნანგრევები, სადაც შემონახულია არა მარტო ადრეული ქრისტიანული ტაძრების ფრაგმენტები, არამედ ძველბერძნული ღმერთების სიწმინდეები. ასევე ქალაქში მდებარეობს ბიზანტიის დროინდელი ტაძარი, რომელიც გადმოცემის თანახმად, თავად ანგელოზებმა ააგეს. თუ შიგნით შეხვალთ, ყურადღება მიაქციეთ უნიკალურ ღვთისმშობლის ფრესკას, რომელიც მე-4 საუკუნეშია შექმნილი.
სანაპირო
ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელი ადგილია ფინიკუდესის სანაპირო, ანუ ფინიკის პალმების სანაპირო. აქ მშვიდად უნდა ისეირნოთ და დატკბეთ ზღვის პეიზაჟით. ამ ადგილზე თავმოყრილია უამრავი ბარი, მყუდრო ტავერნა და მდიდრული რესტორანი.
თურქული „მემკვიდრეობა“
დიდი ხნის განმავლობაში ლარნაკა თურქების გავლენის ქვეშ იყო და ეს ბუნებრივია არქიტექტურაზეც აისახა. ქალაქს გარს არტყავს მასიური დამცავი ნაგებობა, რომლის სიახლოვეს ქრისტიანული ტაძრის ადგილზე დღემდე მოქმედი მეჩეთი ალ ქებირი ააშენეს. აქ უშვებენ ტურისტებს, რომლებთაც მინარეთიდან შესანიშნავი პანორამის ნახვა უნდათ.
ქალაქის გარეუბანშია კიდევ ერთი მეჩეთი – თექე ხალა სულთანი, მუსულმანური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე. ის საოცარი მარილის ტბის სანაპიროზე მდებარეობს, ამ ტბაზე ვარდისფერი ფლამინგოები იზამთრებენ ხოლმე.
მონასტერი სტავროვუნი
უძველესი მონასტერი, რომელსაც უნიკალური, ტრაგიკული ისტორია აქვს. მონაზვნები ამქვეყნიური ცხოვრებისგან დაცულები არიან და იქ ტურისტების მისვლა კატეგორიულად აკრძალულია, თუმცა მისი თუნდაც შორიდან ნახვა საინტერესოა.
მართლმადიდებლური მონასტერი ნიქოსიასა და ლარნაკას შორის (ქალაქიდან დაახლოებით 40 კმ-შია), მაღალი მთის წვერზეა. იგი 327 წელს ააგეს კონსტანტინე დიდის დედის, წმინდა ელენეს ბრძანებით, ადგილზე, სადაც ოდესღაც სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტეს ტაძარი იდგა.
მუზეუმი
სამუზეუმო კომპლექსი Mousio Theasis ლარნაკას ცენტრში მდებარეობს. ეს მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც ტარდება კულტურული ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები და მასტერ-კლასები.
ტერიტორიაზე მდებარეობს ბუების მუზეუმი, რომლის კოლექცია 6 ათასი ბუს ქანდაკებას ითვლის.
ასევე აღსანიშნავია წმინდა ლაზარეს ტაძრის ბიზანტიის მუზეუმი. დიდებული ქვის ტაძარი ბიზანტიური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი არქიტექტურული და რელიგიური ძეგლია. აქ ასახულია სხვადასხვა სცენები სამყაროს შექმნიდან დაწყებული ქრისტეს აღდგომით დამთავრებული.
არ გამოტოვოთ ლარნაკას მუნიციპალური გალერეა. აქ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები დაგხვდებათ.
საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი პატარა ერთსართულიან შენობაშია განთავსებული ქალაქის ბაღის ტერიტორიაზე.
სხვა ტოპ ღირშესანიშნაობები
კერძო ფერმა ლამაზ სოფელ მაზოტოშია, ლარნაკასთან ძალიან ახლოს. ადრე აქლემების მოშენება სარფიანი საქმე ყოფილა, ახლა კი მათ ამ ფერმაში თუ ნახავთ. კუზიანების გარდა, აქ ბინადრობენ ცხენები, ვირები, თხები, სტრაუსები. ბევრი მათგანი შეგიძლიათ თავადაც გამოკვებოთ, აქლემებსა და ცხენებზე კი ისეირნოთ კიდეც.
ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი. სინამდვილეში ის უბრალოდ ტბა კი არა, მთელი სისტემაა, რომელიც ოთხი ცალკეული წყალსატევისგან შედგება. თუ გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში მოხვდებით, აუცილებლად ნახავთ ვარდისფერ ფლამინგოებს, რომლებიც საბანაო სეზონზე მიფრინავენ.
ეს ეკლესია ლარნაკას ცენტრშია და ერთ-ერთი პატივსაცემი მართლმადიდებლური ტაძარია. ის ახალი აგებულია, გასულ საუკუნეში ააშენეს ბიზნტიური ხანის დანგრეული ეკლესიის ადგილზე.
სოფელი ლარნაკადან სულ რაღაც 16 კმ-შია და ერთ დროს სამეფო კურორტის სახელს ატარებდა და არისტოკრატიისა და მდიდარი ხალხის საყვარელ ადგილად მიიჩნეოდა.
ანტიკური კიტიონი, რომელიც არა მარტო კვიპროსის, არამედ მთელი სამყაროს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად მიიჩნევა, ლარნაკას ტერიტორიაზეა. ამ ქალაქ-სახელმწიფოზე ბიბლიაშიც კი არის საუბარი.
ეს სანაპირო ძალზე პოპულარულია და თავისი სილამაზით თვით ფრანგულ რივიერებსაც კი გაუწევს კონკურენციას. ბულვარს სახელი ცნობილი გენერლის კიმონის საპატივსაცემოდ უწოდეს, რომელიც ჩვენს ერამდე V საუკუნეში იღვწოდა.
კვიპროსის ერთ-ერთი უძველესი დასახლება ლარნაკასთან ახლოს დამრეცი ბორცვის მწვერვალზეა. მიიჩნევა, რომ ის 9 ათასი წლის დაარსდა, ნეოლითის ხანაში. თავისი საპატივსაცემო ასაკის გამო ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც შეიტანეს.
სახელგანთქმული აკვედუკი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბეკირა პაშის აკვედუკი, ლარნაკას გარეუბანშია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურისტებს შორის. ის 1746-1747 წლებში შეიქმნა.
ლარნაკას სამხრეთ ნაწილში მდებარე ფორტი ერთ დროს ქალაქის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ამჟამად კი შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლი და ტურისტების მისაზიდი ადგილია.
პატარა ტაძარი ანგელოქტისტოსი, რომელიც ლარნაკადან ათ კილომეტრშია კიტის დასახლებაში, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ის უნიკალური ნაგებობაა, რადგან სხვადასხვა ეპოქებში აშენებული ფაქტობრივად სამი ცალკეული ნაგებობისგან შედგება.
მუზეუმი ლარნაკას ცენტრშია და ანტიკური პერიოდის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. მასში თავმოყრილია უძველესი დროის საგნების მდიდარი კოლექცია.
გასართობი ცენტრი ლარნაკას გარეუბანშია, თუმცა მისვლა მარტივია. აქ ყველაფერია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის – კარტინგი, ამერიკული მთები, მინიმატარებელი, ფეხბურთი, ბილიარდი… აქ მთელი დღით მიდიან.
ამ სოფლამდე გზაც საინტერესოა, ირგვლივ ზეთისხილისა და ციტრუსების ბაღებია. სოფელი ძალიან ლამაზია: მოკირწყლული ქუჩები, ძველი სახლები, ბევრი ყვავილი. აქ მუზეუმიცაა და ეკლესიაც. სოფელი ცნობილია ხელოსნებით: ქალები ქარგავენ მაქმანებს (ლეფკარიტიკა), კაცები ვერცხლის ნაკეთობებს ამზადებენ. ზემოთაც აღვნიშნეთ და ერთხელაც ვთქვათ: ლეფკარიტიკას შეძენისას დააკვირდით: ნამდვილი ნაქარგი თეთრ, ჩალისფერ და სალათისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. მკვეთრი სახიანი ქსოვილი და აშკარა მანქანური ნამუშევარი – გაყალბებულია.
ლეფკარა ლარნაკადან ერთი საათის სავალზეა.