ლარნაკა კვიპროსის უძველეს ქალაქზე აცხადებს პრეტენზიას. არქეოლოგების მიერ ნაპოვნი მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი აქ 6000 წლის წინ სახლობდა. თუმცა დღეს კურორტს ეს სიძველე ნაკლებად ეტყობა. თანამედროვე ლარნაკა – კვიპროსის სხვა საზღვაო კურორტების ტყუპისცალია: ძველი ცენტრი და სასტუმროებისა და რესტორნების ნაირფეროვნება სანაპიროს სიახლოვეს.
ლარნაკა არც თუ მაღალშემოსავლიანი ტურისტებისთვისაა. აქ შესაძლებელია ბავშვებთან ერთად დასვენებაც, რადგან ზღვა ღრმა არ არის და ფსკერი ქვიშისაა. კურორტი კარგია ხანშიშესულებისთვისაც, მათ კომფორტულად შეუძლიათ დაისვენონ დიდი ქალაქების ხმაურისგან.
ლარნაკა ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ქართველი ტურისტებისთვის. ქუთაისიდან პირდაპირი რეისის არსებობამ და უვიზო რეჟიმის არარსებობამ, პლუს შედარებით დაბალმა ფასებმა, კუნძულისკენ გზა მარტივი, ხელმისაწვდომი და სასურველი გახადა.
ცოტა რამ ისტორიიდან
ლარნაკას მრავალსაუკუნოვანი და გამორჩეული ისტორია აქვს. ქალაქი, ლეგენდის თანახმად, ნოას შთამომავლებმა დაარსეს. მოგვიანებით აქ დასახლდა მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე. მან აქ დიდხანს იცხოვრა და იქვეა დაკრძალული, ხოლო მის საფლავს აწერია: „ლაზარე ქრისტეს მეგობარი“. ალბათ ამის გამოც მიიღო ქალაქმა სახელწოდება – ლარნაკა ითარგმნება როგორც აკლდამა. დღეს ლაზარეს საფლავზე აღმართულია ტაძარი.
მრავალი წლის განმავლობაში ქალაქი უმსხვილესი პორტი იყო, მაგრამ მერე თავისი მნიშვნელობა დაკარგა და უამრავი კერძო იახტის გემსაბლის ადგილი გახდა. სამაგიეროდ ლარნაკაშია კვიპროსის უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი.
ტრანსპორტი
ლარნაკაში და მის ფარგლებს გარეთ ავტობუსითა და „მარშუტკით“ გადაადგილებაში Cyprus by Bus დაგეხმარებათ. აქ თავმოყრილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მარშრუტი – გაჩერებები, განრიგი, ტარიფები. დღის ავტობუსის ბილეთი 1.5 ევრო ღირს, ღამის – 2.5 ევრო. ულიმიტო მთელი დღით 5 ევროა, ერთკვირიანი – 20 ევრო. ოღონდ ესენი ღამის მარშრუტებზე არ ჭრის.
ტაქსი საკმაოდ ძვირია. ჩასხდომა 3.5 ევროა, ბარგის ადგილი 1-1.5 ევრო, 1 კმ – 0.7 ევრო. ღამით და დღესასწულებზე ტარიფები ლამის ორმაგდება.
ძალიან პოპულარულია ველოსიპედების ქირაობა. ორთვლიანი ტრანსპორტის 24 საათით აღება 6-8 ევრო დაგიჯდებათ.
ხოლო თუ პედლის ტრიალი გეზარებათ, მოპედი აიღეთ – 20-30 ევრო დღიურად.
ლარნაკას სანაპიროები
ლარნაკა წამყვან კურორტად არ მიიჩნევა, მაგრამ აქ ზღვაზე დასვენებისთვის მშვენიერი ვითარებაა. ქალაქის მთავარი პლაჟები ცისფერი დროშებითაა დაჯილდოებული, ანუ სისუფთავის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. პლაჟების უმრავლესობა უფასოა. მეტიც, შეგიძლიათ საკუთარი ქოლგაც მიიტანოთ, გაშალოთ პირსახოცი და არც არავინ მოგედავებათ. ცოტა მოშორებით მდებარე პლაჟებიც კი მშვენივრად არის მოწყობილი. პლუს თბილი, სუფთა და გამჭირვალე წყალი. მეტი რა არის საჭირო.
ისე, შეზლონგისა და ქოლგის კომპლექტისთვის ჩვეულებრივ 5 ევროს ითხოვენ.
აი ქვიშა კი არც ოქროსფერია და არც თეთრი, ის ნაცრისფერია და საუკეთესოდ არ გამოიყურება, მაგრამ ნაგავს დაკვირვებით აცლიან და წამოწოლა სასიამოვნოა.
სეზონზე ყველა მთავარ სანაპიროზე მაშველები მუშაობენ.
მთლიანობაში ლარნაკაზე საბანაოდ ვარგისი დაახლოებით 25 კმ სანაპირო ზოლი მოდის. კვიპროსის ტურიზმის ორგანიზაციის პლაჟი და „ფინიკუდესი“ კარგია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის, პლაჟი „მაკენზი“ ახალგაზრდობას უფრო მოეწონება – საღამოობით აქ ღამის კლუბები იხსნება, „იანატესი“ ეკო-პლაჟია. ხოლო „ფაროსი“ და კასტელა შედარებით მშვიდია და წყვილებისთვის და ოჯახებისთვისაა რეკომენდირებული.
დაივინგი ლარნაკაში
პატარა ლარნაკაში ათამდე დაივინგ-ცენტრი და სკოლა მოიძებნება (მათ შორის რუსულენოვანიც). მათი მთავარი სპეციალიზაციაა კურორტის, და შესაძლოა მთელი კვიპროსის, მთავარი წყალქვეშა ატრაქციონი – ჩაძირული სატვირთო საოკეანო ბორანი „ზენობია“. დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი გიგანტურ ხელოვნურ რიფად და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის საცხოვრებლად იქცა. დაუვიწყარი სანახაობაა და წლიურად 45 ათას დაივერს იზიდავს.