დღეს საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს. ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
მომდევნო წელს 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება, 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.
პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია:
- საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება – 150 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს;
- ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება – 10 მილიონი ლარით და 28 მილიონ ლარს შეადგენს;
- იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა – 5 მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს;
- ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჯამურად, იზრდება 18 მილიონ 700 ათასი ლარით.
ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება, პირველად პროექტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში თითქმის 90 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს:
- ზოგადი განათლების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყო 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა;
- პროფესიული განათლების ნაწილში, დამატებით გამოიყო 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 10 მილიონი ლარი, შესაბამისად პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 229 მილიონ ლარს აჭარბებს;
- ინკლუზიური განათლების დაფინანსება, გაზრდილია 8 მილიონ 500 ათასი ლარით და 101 მილიონ ლარს აჭარბებს;
- ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია, თითქმის, 6 მილიონი ლარით და 21 მილიონ 500 ათას ლარს აჭარბებს;
- ინფრასტრუქტურის ნაწილში, დამატებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი უმაღლეს სასწავლებლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ხოლო 18 მილიონი გამოიყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისთვის.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე იზრდება და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება;
- წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი.
2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნებებში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
- სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 31 მილიონი ლარით და 108 მილიონ ლარს აღემატება;
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამა მომდევნო წელს რთველის დაფინანსების მიზნით, იზრდება 20 მილიონი ლარით და 103 მილიონ ლარს აჭარბებს;
- სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ნაწილში დამატებით გამოიყოფა 1.5 მილიონი ლარი;
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებაზე დამატებით გამოიყოფა 6 მილიონი ლარი და შეადგენს 40 მილიონ ლარს;
- დაცული ტერიტორიების მართვის ნაწილში, ბიუჯეტი იზრდება 3 მილიონ 700 ათასი ლარით;
- გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგის ბიუჯეტი გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი ლარით;
- ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების შესაძენად, დამატებით 4 მილიონი ლარი გამოეყოფა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას;
- სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა, პროექტის საბოლოო ვარიანტში შეადგენს 54 მილიონ ლარს.
2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შემდეგია:
- ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება გაზრდილია 16 მილიონი ლარით და 65 მილიონ ლარს აჭარბებს;
- მთის კურორტების დაფინანსება გაზრდილია 10 მილიონი ლარით;
- საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 10 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის დაფინანსება 156 მილიონ ლარს აჭარბებს;
- რკინიგზის სამგზავრო ნაწილის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილია 7 მილიონი ლარი;
- აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის თანხა განისაზღვრა 35 მილიონი ლარის ოდენობით;
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრება 50 მილიონი ლარით.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაიზარდა 42 მილიონ ლარზე მეტით და განსაზღვრულია 365 მილიონ ლარამდე. გამოყოფილი თანხიდან 35 მილიონი ლარი მიიმართება ტურისტულ სეზონზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ხოლო 5 მილიონ 500 ათასი ლარი საფრანგეთში ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
