LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „კარგია ოკეანეს იქით, მაგრამ სახლი მირჩევნია…“ – როგორ იმოგზაურა მეუღლესთან ერთად აშშ-ში ლაშა რამიშვილმა და რა ოცნება აუხდინა მეორე ნახევარს

1476
ლაშა რამიშვილი ბელა ნოზაძესთან ერთად

ლაშა რამიშვილმა ახლახან მეუღლესთან, ბელა ნოზაძესთან ერთად აშშ-ში იმოგზაურა, წყვილი მხოლოდ რამდენიმე დღით, თბილისობის დღესასწაულის წინა დღეებში ესტუმრა ამერიკას, სადაც ღირსშესანიშნაობები მოინახულა, ლაშამ მეორე ნახევარს დიდი ხნის ოცნება აუსრულა ამ ვოიაჟით, თუმცა fortuna.ge-სთან საუბრისას მსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი და მომღერალი დასძენს, რომ სამშობლოს არაფერი ურჩევნია.

ახლახან მეუღლესთან ერთად აშშ-ში იყავი. რა მიზნით ესტუმრეთ ამ ქვეყანას?

გარკვეული პერიოდის წინ არაჩვეულებრივმა ადამიანმა, ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლომისი“ ხელმძღვანელმა, თამუნა მელიქიშვილმა შემომთავაზა თბილისობის დღესასწაულზე ამერიკაში გამგზავრება, სადაც ღონისძიება უნდა წამეყვანა. ეს შეთავაზება იქ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლისგან „ფესვები“ მოდიოდა.

მე აქამდეც გახლდით ამერიკაში, მაგრამ ჩემს მეუღლეს, ბელას ჰქონდა ოცნებად აშშ-ის მონახულება და ერთი-ორჯერ ამის შესახებ ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა… თავიდან ღონისძიება, რომელიც უნდა წამეყვანა, სხვა თარიღში იყო დანიშნული, მაგრამ შემდეგ 19 ოქტომბერს გადაიტანეს, როცა მე უკვე კორპორაციული საღამო მქონდა დანიშნული საქართველოში. მოგეხსენებათ, ჩემი განრიგი საკმაოდ დატვირთულია კორპორაციული ღონისძიებებით… რადგან 19-ში იქ ყოფნას ვერ ვახერხებდი, მიმიწვიეს უფრო ადრე, რამდენიმე დღით, მასტერკლასის ჩასატარებლად. შევხვდი ბავშვებს, ვესაუბრე მათ, მაჩვენეს თავიანთი ქორეოგრაფიული დადგმები, ძალიან კარგი შეხვედრა და მასტერკლასი შედგა.

ჩემი მეგობარი, ვატო ჩაჩუა დაგვხვდა იქ. სულ რაღაც 5-6 დღეში ჩვენმა მეგობრებმა აბსოლუტურად ყველაფერი დაგვათვალიერებინეს, რაც კი სანახავი იყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო ჩემთვის, რომ ბელა ბედნიერი გახლდათ, რომ ნახა ეს ქვეყანა.

შემოთავაზებებიც ხომ არ გქონია დამატებით?

იყო შემოთავაზებები კონცერტების ჩატარებაზე, მაგრამ პირობები არ მაწყობდა. ჩაფრენიდან მეორე დღეს უნდოდათ ჩემი კონცერტის დანიშვნა და ვფიქრობ, ხალხი ვერ გაიგებდა და ინფორმაცია ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა.

„კარგია ოკეანეს იქით, მაგრამ სახლი მირჩევნია“ – ასეთი წარწერით დადე ნიუ იორკში გადაღებული ფოტო…

რომ ჩავედით, ბელას ვკითხე, თუ ენდომებოდა, რომ ბავშვებთან ერთად ამერიკაში გვეცხოვრა. მეც და ბელაც ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი ღმერთია. სხვათა შორის, ისიც მეგონა, რომ ამერიკაში ასეთი ყურადღების ცენტრში არ ვიქნებოდი, როგორც ეს საქართველოში ხდება, მაგრამ როგორც კი გარეთ გამოვედით და მეტროში აღმოვჩნდით, იქაც ზუსტად იგივე ამბავი ხდებოდა (იღიმის). ერთმა ქალბატონმა მითხრა, ჩემი საქართველო ხარო. თვალცრემლიანი ქალბატონები გვეფერებოდნენ. ამის გადაღება და დადება „ფეისბუქზე“, სწორად არ მიმაჩნია. სანამ გამოვფრინდებოდით, ზუსტად წინა დღეს ერთმა ქალმა გვითხრა, ნეტავ, თქვენს ადგილას ვიყო ახლაო… ძალიან ემოციური მომენტები იყო… ჯობია, რომ შენს ქვეყანაში იყო და 10 თეთრი გქონდეს, ვიდრე მილიონები… ვიღაც სადღაც ოდესღაც სხვა ქვეყანაში აუცილებლად დაგიძახებს, რომ ჩამოსული ხარ. აქ კი ბალახიც შენია, მიწაც, ყველაფერი…

პირობებზე საუბრობდი ზევით, ამ სფეროში ყველამ იცის, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული თამადა ხარ, მართლა ასეთი მაღალია შენი ანაზღაურება, როდესაც ღონისძიების წამყვანად ან თამადად გეძახიან?

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა. მე სამი ოჯახი მყავს სარჩენი. მხოლოდ თეატრში, რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობით ეს ვერ ხერხდება. კორპორაციული საღამოების წაყვანა არის ჩემი შემოსავლის წყარო. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი ახლობელი გულნატკენი რჩება, როცა ჩემი ანაზღაურების შესახებ იგებენ. მესმის, რომ ცუდია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ეს არის ჩემი პროფესია. ვიღაცას ჰგონია, წახვალ, დაჯდები და იქეიფებ. თუკი ვინმეს უნახავს ჩემი წაყვანილი კორპორაციული საღამო, ჩატარებული კონცერტი ან თამადობა, ნახავს, რომ სამი-ოთხი საათის განმავლობაში არათუ ერთ ადგილას ვზივარ, არამედ ერთ ადგილასაც ვერ ვდგავარ. 19 ნოემბერს, ბათუმში 750-კაციანი ქორწილი მიმყავს… 600-კაციანი იყო ბოლოს, რაც წავიყვანე, რეკორდული იქნება ახლა… ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვა თანხას მთავაზობს და ვერ ვთანხმდები…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g