გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჯგუფ Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის ქალიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი იშვიათი ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდა.
ფრედი მერკურის ქალიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა – ვრცელდება დეტალები
ფრედის ქალიშვილის, ბიბის ქვრივი, ტომასი აცხადებს, რომ გეგმავს გაასაჯაროოს ფოტოები, რომლებზეც ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი, ასევე იმ დღიურების ამონარიდები, რომლებიც მერკურიმ ქალიშვილს გადასცა.
ტომასმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს სიცოცხლის ბოლო თვეებში მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, გამოექვეყნებინა ფოტო-მემუარები, რომელთა გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. მისი თქმით, ის აპირებს პატივი სცეს მეუღლის სურვილს. მისივე განცხადებით, ფოტოალბომის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი ონკოლოგიის განყოფილებებს მოხმარდება.
ცნობისთვის, ბიბის არსებობა საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი, როდესაც ავტორმა ლესლი ენ ჯონსმა გამოაქვეყნა სკანდალური ბიოგრაფია Love, Freddie. წიგნის მიხედვით, ფრედი მერკურს 1976 წელს, ქორწინებაში მყოფ ქალთან ურთიერთობის შედეგად, შვილი შეეძინა. მისი არსებობა წლების განმავლობაში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ფრედი მერკური შვილს განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებდა და მას „ბიბის“ და „ჩემს საგანძურს“ უწოდებდა. მუსიკოსმა მასზე რამდენიმე სიმღერაც კი დაწერა, მათ შორის, Bijou და Don’t Try So Hard.

