კლუბის ‘მტკვარზე’ ერთ-ერთი დამფუძნებლი ქეთა გაბუნია სოციალურ ქსელში პიდბულის მიერ ხანშიშესული ქალის დაკბენას ეხმიანება.
ქეთა გაბუნია წერს, რომ ამ ძაღლს იცნობდა და იცოდა, რომ ცუდად დაამთავრებდა, რადგან მისი პატრონი ფსიქიკას ლეკვობიდან მოყოლებული უმახინჯებდა.
“პირველ რიგში, მე ამ ძაღლს ვიცნობდი და ვხვდებოდი რომ ასე დასრულდებოდა მისი ამბავი. სამწუხაროდ, არანაირი კანონი არ გაგვაჩნია რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და არანორმალური პატრონების ხელში არ აღმოჩნდნენ ასეთი რთული ფსიქიკის ჯიშები.
მიზანმიმართულად უმახინჯებდა ფსიქიკას მისი პატრონი, ლეკვობიდან მოყოლებული. იყო შემთხვევები როცა ქუჩის ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა სხვათაშორის.
ასეთი ჯიშების შეძენა, ნებისმიერს შეუძლია, თანაც კაპიკებში. შეიხედეთ მაიმარკეტზე, ბაზრობებზე, 100-200 ლარად იყიდით პიტს, რომელსაც აუცილებლად მახინჯი ფსიქიკა ექნება, რადგან გამრავლების წესიც არ არის დაცული. მიზანმიმართულად აჯვარებენ აგრესიულებს ერთმანეთში, რომ შვილიც აგრესიული გამოვიდეს. ინცესტზე, უსაბუთობაზე და ცხოველების ექსპლუატაციაზე აღარ მაქვს საუბარი.
ცხოველებს, ისევე როგორც ბავშვებს, აღზრდა სჭირდებათ. აგრესიისკენ ბავშვებსაც კი მოუწოდებენ, ამიტომ რა გასაკვირია ძაღლებს რომ კაციჭამიებად ზრდიან.
ეს ძაღლიც იმდენი რამის მსხვერპლია ადამიანების მხრიდან, ისეთი კომპლექსურია ეს პრობლემა, ამას სანამ სახელმწიფო კანონს არ მიიღებს, არ ეშველება. ოღონდ ესენი რა კანონს მიიღებენ და როგორ აღასრულებენ, ეგ ცალკე პრობლემაა. ამიტომ, ვართ ასე უსურად და სასოწარკვეთილებამდე მისულები,” – წერს ქეთა გაბუნია.
ის წუხს იმაზე, რომ ამ ფაქტის შემდეგ, ისევ ქუჩს ცხოველების მიმართ გაიზრდება აგრესია, რომლებსაც სრულიად უმიზეზოდ კლავენ, თუნდაც უწყინარები იყვნენ.
“ჰო და ამასობაში: გუშინ ამავე დროს, გორში, სრულიად უწყინარი ძაღლი, იარაღით მოკლა ერთ ერთი სამედიცინო დაწესებულების მოქმედმა ექიმმა. გომბორის საქმე ისევ თაროზე დევს, 13 წლის მოზარდი რომ აკვლევინებს ნაგაზს მეტისის ფინიას. არ ისჯება არავინ, ვინც ძაღლების ჩხუბებს აორგანიზებს და იღებს მონაწილეობას. გამორიცხულია ეს არ იცოდეს სახელმწიფომ. რიგითმა მოქალაქეებმა ვიცით ლოკაციები და თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ჯგუფებში ვიდეოები.
მერე რომელიმე ასეთი ძაღლი დაგლეჯს ადამიანს და შეიქმნება დიდი ფოციალი და გოდება.
ჰოდა, მეგობრებო, ძაღლების მოყვარულებო და არა მოყვარულებო – კანონი ყველას გვჭირდება და იმედია ახლა მაინც ხვდებით, რატომ,” – წერს ქეთა გაბუნია.
3 წლის პიტბული თავს დაესხა მეზობელს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ძაღლი 67 წლის ქალბატონს ვერ მოაშორეს. მეზობლები უშედეგოდ ცდილობდნენ ქალის გათავისუფლებას ძაღლისგან, საბოლოოდ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გახდა საჭირო.
დაზარალებულს დაზიანებები აქვს თავზე, კისერზე, კიდურებზე, მუცლის არეში – ფაქტობრივად მთელი სხეული. ის მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ძაღლი კი დააძინეს.