თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. მისივე თქმით, 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
“დღეს გვაქვს 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევვა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით, ასევე კონტაქტების მოძიება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა, გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი.
გუშინ გყავდა 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები მსუბუქი და უსიმპტომო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
