დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის გამოკვლევა დაწყებული არ არის.
„როცა მოვედი, დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ცოტა ხანი გავჩერებულიყავი და საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი ჩამოვიდოდა, რომელიც საქმის კურსში ჩამაყენებდა. ჩამოვიდა ექსპერტი და მომახსენა, რომ ამ ეტაპზე იმის თაობაზე, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში, გამოძიებისგან არანაირი წერილობითი ინფორმაცია მიღებული არ აქვს და ბუნებრივია, რომ სანამ გამომძიებლის წერილი და ნებართვა არ ექნება საექსპერტო დაწესებულებას ამ ექსპერტიზაში ვერ ჩავერთვები.
როგორც მითხრეს, ჯერ გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის. თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება გვამის ექსპერტიზა“, – განაცხადა გეჯაძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
