ცნობილი ქართველი პიანისტი, ლექსო თორაძე პაატა ბურჭულაძეს მხარდაჭერას უცხადებს და „იავნანას“ გარშემო აგორებულ კამპანიას სპეციალური მიმართვით ეხმიანება. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთმა ინტერნეტსააგენტომ „იავნანას“ საქმიანობას სპეციალური საგამომძიებლო ფილმი მიუძღვნა, რომელმაც საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია.
„ფორტუნა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ლექსო თორაძის მხარდასაჭერ ვიდეოს.
„ჩემო უსაყვარლესო პაატა!
როგორც ხედავ, ვარ ჩვენი ოჯახით გარშემორტყმულ სახლში, სადაც ბევრჯერ ყოფილხარ შენ და მართალი გითხრა, ასეთი მძიმე გულით არასდროს ვყოფილვარ არც ამ სახლში და არც თბილისში, იმიტომ რომ შენ არ ხარ თბილისში და არ ხარ ჩვენთან, ჩემთან და ნინოსთან სახლში.
ძალიან მძიმე გული მაქვს თბილისში ამჯერად, იმიტომ რომ არ ვუსმენ, მაგრამ მაინც მესმის ის ინკვიზიცია, სხვათა შორის, შენ რომ ინკვიზიტორები გიმღერია, ჩემო კარგო… ჰოდა, ახლა მე მგონი შენზე წამოვიდა ეს ინკვიზიცია და ცილისწამება რომ მესმის, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად აუტანელი. იმდენად აუტანელია, რომ მართალი გითხრა, სიამოვნებით წავიდოდი და დავბრუნდებოდი არა ჩემს სამშობლოში ამერიკაში. მაგრამ დასაკრავი მაქვს ჩვენი მეგობარის გიორგი ჩლაიძის ახალი კონცერტი, რომელიც მე დამიწერა და მომიძღვნა. აქაც დაგვაკლდები ძალიან, პირველ განყოფილებაში იქნება დავით თორაძის სიმფონია ნიკორწმინდა, რომელიც 1973 წლიდან არ შესრულებულა აქ. მეორე განყოფილებაში იქნება გოგი ჩლაიძის, მამას ძალიან საყვარელი სტუდენტის ახალი საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მე მომიძღვნა. აი, ასეთ კონცერტში შენი ყოფნა იქნებოდა აბსოლუტურად დამშვენება. მაგრამ შენი მოსვლა, სადაც არ უნდა იყოს კონცერტზე, იმას ნიშნავს, რომ კონცერტის რევიუ არის შენზე, ჩემო ძმაო.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1771512292873592/
პარიზში შანზელიზეზე საკმარისად დიდი კონცერტი მქონდა და საკმარისად კარგი კონცერტი იყო, მაგრამ შენ გამოჩნდი დარბაზში, იაპონიიდან ჩამოხვედი, თუ გახსოვს და პირდაპირ თვითმფრინავიდან, შეიძლება ითქვას, ჩაფრინდი შანზელიზეს თეატრში. მთელი რევიუ იყო შენზე, ნუ რა არის ახლა, პაატა, რაღაცნაირად შეგვინდე ჩვენც.
უზარმაზარო ჩემო მეგობარო, პიროვნება, მუსიკოსო, მომღერალო, მაგისთანები გადაგიტანია? ამასაც გადაიტან შენ და შენი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული უდიდეს მიღწევებთან, მთელი მსოფლიოსთვის. ეს არ არის ლაპარაკი მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე ან სხვა ქვეყანაზე, მთელი მსოფლიო თაყვანს გცემს შენ, როგორც მომღერალს, როგორც პიროვნებას, როგორც მოღვაწეს.
ჩემი „იავნანაში“ მონაწილეობა სამწუხაროდ, იყო ხუთი წლის წინ, სამწუხაროდ იმიტომ, რომ მე ყოველთვის მზად ვარ, როგორც იცი, ვიყო შენი არაჩვეულებრივი ფონდის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფონდის მონაწილე და ის დღეები არ დამავიწყდება, ეს ხუთი წლის წინ იყო, მგონი, ასე რომ, ამდენს რომ აკეთებ, ასეთი რომ ხარ, აი, სწორედ ამისთანა ხალხს ხვდება ასეთი ინკვიზიტორული ამბები და უსიამოვნებები, რასაც შენ ძალიან მალე და ძალიან კარგად და მედგრად გადალახავ.
ამ ორ კვირაში ძალიან ბევრჯერ, როგორც გესმის შენ, ძალიან ბევრჯერ ვიმყოფებოდი სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს იქნებოდა ქორწილი თუ სამწუხაროდ, გასვენებები და ბევრი ადამიანი მელაპარაკება უზარმაზარი ტკივილით შენზე, ეს რა ხდებაო, როგორ შეიძლება ეგეთი რამეო, და არ დაგავიწყდეს, რამდენი მოსიყვარულე და შენთვის თავდადებული ადამიანი ცხოვრობს თბილისში, საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
ამას წინდელი შენი გამარჯვება კოვენტ-გარდენში, ასევე ინკვიზიტორი რომ იმღერე „დონ კარლოსში“, ეს ტრიუმფია შენი… მე არ დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მოვხვდი ამერიკაში და არავინ ჩემი დის გარდა არ მელაპარაკებოდა, არც ტელეფონზე და სხვანაირად მით უმეტეს. შენ იყავი პირველი, რომელმაც მეგობრული ხელი გამომიწოდე და მითხარი, რომ შენ დარჩი ის, რაც ხარ და მე დავრჩი ის, რაც ვიყავი, სანამ შენ წახვიდოდი და მოხდებოდა ეგეთი ამბებიო. არ დამავიწყდება „სეველიელი,“ არ დამავიწყდება რამფისი „აიდაში“, არასდროს დამავიწყდება ყველა ხუთი თუ ექვსი როლი, რომლებიც შეასრულე რაღაცა ორი თვის განმავლობაში მეტროპოლიტენ ოპერაში. ეს ხო დაუვიწყარია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთადერთი მეგობარი იყავი, რომელსაც არ შეეშინდა ჩემთან ურთიერთობის, არასოდეს დამავიწყდება.
ამიტომ შენ არა ხარ მარტო, ჩემო ძმაო, დაგავიწყდა რას უშვებოდნენ და როგორ ცილს სწამებდნენ ვახტანგ ჭაბუკიანს თავისი ცეკვის გამო და თავისი ქორეოგრაფიის გამო??? ანდა ბევრ ქართველს, ახლა ძალიან ღრმად ნუ შევალთ ისტორიაში, იმიტომ რომ მთლად დავიხრჩობით იქ, იმდენ ქართველს შეხვდა ასეთი უზარმაზარი ტკივილი. და საერთოდ, რომ ხარ და რაც უფრო მეტი ხარ და რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებ, თურმე მით უფრო ისჯები, აი, ეგრეა საქმე… ამიტომ შენთან ვარ სულით, გულით, მეც, ნინო ხომ არის და არის და მისი ოჯახი…
არც მჯერა! არც დავიჯერებ არასდროს იმ ცილისწამებას, რაზედაც ლაპარაკობენ! ახლა არის საჭირო და თურმე, ეგრეა რომ სწორედ ახლა გამოიცდება ჩვენი მეგობრობა. გაგიმარჯოს შენთან ვარ, აი, სხვათა შორის, ნატახტრის წყლით იმიტომ, რომ ღვინოს, სანამ შენ არ ჩამოხვალ აქ, არ დავლევ. ნატახტრის წყლით ვსვამ შენს სადღეგრძელოს, ასე დაგეცალოს შენ და შენს ოჯახს მტერი, გაგიმარჯოს!“ – აღნიშნულია ლექსო თორაძის ვრცელ ვიდეომიმართვაში.