წვეულებების ორგანიზატორი და ინფლუენსერი ქუთაისიდან – კოკი ფერაზი ფანგანი უკვე 17 წელზე მეტია, ქართული შოუბიზნესის სფეროში აქტიურად არის ჩართული და ქართველი ვარსკვლავების კონცერტს აორგანიზებს. კოკის საქმიანი ურთიერთობის გარდა, ცნობილ სახეებთან დიდი მეგობრობა აკავშირებს.
უკვე 5 წელია, ერთ-ერთი ცნობილი ინფლუენსერია თავის ქალაქში და მის ფარგლებს გარეთაც. კოკის fortuna.ge უფრო ახლოს გაგაცნობთ.

როდის დაიწყო შენს ცხოვრებაში ინფლუენსერობა და როდის მიხვდი, რომ ეს შენი საინტერესო მხარე შეიძლებოდა, რომ გამხდარიყო?
მე კი არ მივხვდი, უბრალოდ, რადგან ვმეგობრობდი საქართველოში ცნობილ სახეებთან, სხვადასხვა კომპანია მიკავშირდებოდა და მთხოვდნენ, რომ მათთვის რაღაც გამერეკლამებინა და გამეპიარებინა. როცა ცნობილ სახეებთან გადაღებულ მასალას ვდებდი, ძალიან დიდი ნახვა ჰქონდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყეს ჩემთან კომპანიებმა დაკავშირება. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ჩემთვის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა უკვე ხუთი წელია ინფლუენსერობა. ზოგთან ერთჯერადი თანამშრომლობა მაკავშირებს, ზოგთან – მრავალჯერადი. ოთხ კომპანიასთან ერთგულად და წარმატებულად ვთანამშრომლობ. ეს ერთგვარად ჩემი სამსახური გახდა.

მანამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
მანამდე ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში, ასევე პიარად ერთ-ერთ სასტუმროში. ვატარებდი კონცერტებს სხვადასხვა ლოკაციაზე, ღია სივრცეში, თეატრში თუ სხვაგან.
სულ გინდოდა, რომ შოუბიზნესის სფეროსთან ყოფილიყავი ასოცირებული?
სკოლის ასაკიდანვე სულ რაღაცას ვიგონებდი და ჩემმა კლასელებმა ეს კარგად იციან. სულ მინდოდა და ალბათ, რაც ყველაზე ძალიან გინდა ცხოვრებაში, ის გამოგდის კიდეც. პირველ კურსზე ჩემს ლექტორს მოვატყუე, ლელა წურწუმია მირეკავს და ერთი წუთით გავალ-მეთქი. არადა, არ მირეკავდა. ლელას მაშინ მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. გავიდა რამდენიმე წელი და ახლა ლელა მართლაც მირეკავს ხოლმე სხვადასხვა თემაზე, მასთან ვმეგობრობ (იღიმის).
მოუყევი ლელას ეს ამბავი?
კი, მოყოლილი მექნება აუცილებლად…

პირველად ვის დაუმეგობრდი შოუბიზნესიდან?
ანრი ჯოხაძეს და ნინი ბადურაშვილს. ეს მოხდა კონცერტებიდან. ყველას ვიცნობდი, მაგრამ ნინისა და ანრისთან მაქვს ძალიან დიდი ხნის, სუფთა და მეგობრული ურთიერთობა, ყველაზე ადრე სწორედ მათთან დავმეგობრდი. ახლა რომ ვნახულობ მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მეც ძალიან პატარა ვიყავი და ისინიც…


შენს მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს, ხშირად უთმობ დროს, როგორც ინფლუენსერი. რას ნიშნავს შენთვის ეს ქალაქი?
ჩემი ქუთაისი არის თბილი, საყვარელი, სტუმართმოყვარე, სავსე უძველესი კულტურით. ვფიქრობდი თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე, ევროპაშიც, მაგრამ გადავიფიქრე. ქუთაისში ყველა ადგილი ჩემთვის სახლივით არის. ქუჩაში რომ გამოდიხარ, დიდი სითბო და ენერგია გხვდება. ამას წინათ ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი, იმდენმა ადამიანმა გაიარა და გამოიარა, ორნი ვიყავით და ბოლოს გავხდით ოცნი. არ ვიცი, თბილისში როგორ არის, მაგრამ ქუთაისში ასეთი ურთიერთობებია. ამიტომ არ დავტოვე ეს ქალაქი და ვცხოვრობ აქ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს. კომფორტულად რომ არ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი წასვლაზე, რადგან მქონდა ამის შანსი და შესაძლებლობები, მაგრამ არ გავაკეთე. რაც შეგვიძლია, მე და დათო ლიკლიკაძეს, ვაკეთებთ, თუმცა დათო ჩემზე გაცილებით დიდი ხანია, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ყველგან ქუთაისს ახსენებს. დათოს ჩემზე უფრო მეტი წვლილი აქვს ამ საქმეში და მადლობა უნდა გადაუხადოს ყველამ.

შენს იმიჯზე მინდა გკითხო, განსხვავებული და საინტერესო იმიჯი გაქვს და აუცილებლად ვისაუბროთ შოპინგისა და ბრენდების სიყვარულზე…
ლამაზად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. მშობლებს ვერ ვთხოვდი, გინდათ თუ არა „გუჩის“ კედები მიყიდეთ-მეთქი. სულ ლამაზად მეცვა, მაგრამ არა „ლუი ვიტონი“. როცა ჩემი შემოსავალი გამიჩნდა, დავიწყე ბრენდების შეძენა. ძალიან მიყვარს ბრენდები. სახლიდან მოწესრიგებული უნდა გავიდე. ყველა მეკითხება, რა მაცვია. ძირითადად, რასაც ბოლო წლები ვყიდულობ, ნამდვილია და ხარისხიანი. ადრე მქონდა რეპლიკები და არაორიგინალი სამოსი, მაგრამ ახლა აღარ მაქვს, დავარიგე საჩუქრად. ჩემი საყვარელი ბრენდებია „გუჩი“, „ვალენტინო“, „ლუი ვიტონი“, „დოლჩე გაბანა“, ბევრი არაცნობილი იტალიური ბრენდი, ქართული… თუ არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ვიყიდო ეს ბრენდები, ვიყიდი „ზარას“, „მასიმო დუტის“, თუმცა მათ „გუჩის“ და „ვალენტინოს“ ვერ შევადარებ.
რა არის შენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული?
მაქვს „ლუი ვიტონის“ ჩანთა, რომელიც ლიმიტირებული კოლექციიდანაა და ხშირად არ მიჭირავს. მისი ღირებულება დაახლოებით 3500 ევროა. მაქვს „გუჩის“ მოსაცმელი, ორი – ფერადი და ლურჯი, ერთი ღირს 2500, მეორე – 3000 ევრო, თუმცა მე ნაკლებად მაქვს ნაყიდი აუთლეთში. იტალიაში რომ წავედით მეგობრები, იქ რამდენიმე საათი ვიყავი აუთლეთში და წამოვიღე „გუჩის“ ნივთები. მეგობრები მეუბნებოდნენ, ჩვენ რატომ არ წაგვიყვანეო.

თუ ურჩევ შენს ცნობილ მეგობრებს, რა ჩაიცვან, მაგალითად, ნინის?
ნინის ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს, იცის, რაც უნდა ჩაიცვას. იცის, რა უხდება და რაც არ უხდება, იმას არასდროს ჩაიცვამს. ქუთაისში ხშირად მეკითხებიან, რა აცვია ნინის და სად შეიძინა, შემდეგ კი მის მსგავს კაბებს იკერავენ.
კოკი ფერაზი ფანგანი – შენი ფსევდონომია, ხომ?
ფერაზი არის იტალიური გვარი, ფანგანი – ეკოს გამო ავიღე გვარად. მაშინ არ ვმეგობრობდით მე და ეკო, ახლა ვმეგობრობთ. ლამაზად ჟღერდა ეს ორი გვარი და ერთმანეთს უხდებოდა. უკვე ამდენი წელია, დარჩა ეს ორი გვარი.
შენი ცხოვრებით ამ ეტაპზე რამდენად კმაყოფილი ხარ და რას გეგმავ?
ძალიან კმაყოფილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, როგორ შევძელი ამდენი რამ. მართლა ყველაფერი გავაკეთე, ცხოვრების ამ ეტაპზე, მაქსიმალურად… ზოგჯერ ჩემი თავის მიკვირს…
